კრიზისი კოალიციაში

პეტრიაშვილი: ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია, მე გადავდექი

"ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია და ამიტომ მე გადავდექი," – ედუარდ შევარდნაძის ამ ცნობილი ფრაზითა და ინტონაციით გაახმოვანა საკუთარი გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა ტელეკომპანია მაესტროს ეთერში.

პეტრიაშვილი თქმით, კოალიციაში „სერიოზული კრიზისია" შექმნილი და აწ უკვე ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და მისი უწყების გარშემო შექმნილი სკანდალი არის „პირდაპირი შეტევა ევროატლანტიკური კურსის განხორციელებაზე".

„მე არავითარი საფუძველი არა მაქვს ეჭვი შევიტანო ირაკლი ალასანიას რწმენაში, მისი თანამშრომლების უდანაშაულობაში ... დღეს რეალურად საქართველოში საზოგადოება ძალიან კარგად და მკაფიოდ ხედავს, რომ ეს არის პირდაპირი შეტევა ევროატლანტიკური კურსის განხორციელებაზე. განსხვავებული ხედვა აქვს ირაკლი ღარიბაშვილს. მეც მოვისმენდი დიდი სიამოვნებით მისგან, როგორ არ ეწყობა ეს ლოგიკა ერთმანეთს, რომ პროკურატურამ დიდი წვალების, დიდი შრომის და ჯაფის მერე, მაინცდამაინც აი ამ ერთ კვირაში დაასრულა ყველა ეს საქმე - იმ დროს როდესაც იყო თავდაცვის მინისტრი წასული ... ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა და პროკურატურას ეს შეცდომა ძალიან ძვირად დაუჯდება, მეწმუნეთ. მაგრამ პროკურატურის დარდი, კონკრეტული ინდივიდების დარდი მე არა მაქვს. მე მაქვს ქვეყნის განცდა, ქვეყანაზე განცდა რეალურად. ძალიან არასწორი ნაბიჯებით სერიოზული ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას", - თქვა პეტრიაშვილმა.

მისივე მოსაზრებით, ირაკლი ღარიბაშვილი „ამ პროკურატურით, , იმ ადამიანებით, ვისაც ის ენდობა, ევროატლანტიკური კურსის განხორციელებას ის ვერ შეძლებს".
რაც შეეხება კოალიციაში დარჩენის საკითხს, პეტრიაშვილის თქმით, ამაზე ხვალ იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, 4 ნოემბერს პრემიერმა ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან მოხსნა. თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მალევე მიიღო ალასანიას თანაგუნდელმა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები