კრიზისი კოალიციაში

ფანჯიკიძე: ირაკლი ალასანია მინისტრის პოსტს არ დატოვებს

cp.ge

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიას საგანგებო განცხადებას გამოეხმაურა. ფანჯიკიძის თქმით, არსებული ვითარება რთულია, თუმცა არც თავისუფალი დემოკრატები კოალიციას არ დატოვებენ. 

"ნამდვილად არის ძალიან რთული ვითარება. ამ რთულ ვითარებაში ყოველ დღე იმის მაგივრად, რომ საკითხები გაირკვეს ჩნდება კიდევ მეტი და მეტი კითხვა. ეს ყველაფერი უკვე ძალიან ცუდ ფორმას იძენს. 
ირაკლი ალასანია არ დატოვებს არც თავდაცვის მინისტრის პოსტს და თავისუფალი დემოკრატები არ დატოვებენ არც კოალიციას, რადგანაც ჩვენ 2012 წლის არჩევნებში ამ კოალიციით პირობა მივეცით ჩვენს ხალხს, რომ ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის რომ შეგვესრულებინა საქართველოს წინაშე მდგარი ამოცანები" - განაცხადა ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ პროკურატურის ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციაზე შეტევაა. მისივე განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების და დღეს უკვე სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელების დაკავება  ქმნის ეჭვს, რომ "საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა NATO-სთან და ევროკავშირთან". მისი შეფასებით, "პროკურატურის ქმედებები არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე". ალასანიას განცხადებით, ხვალ მიმართავს კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკურ საბჭოს, "შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა, თუ საით მიჰყავს პროკურატურას საქმე და ეს ქვეყანა".

კომენტარები