საჯარო მოხელეები

მოხელეთა ტესტირების პირველ ნაკადზე 242 აპლიკანტიდან 158 ჩაიჭრა

თბილისის მერიის მოხელეთა ტესტირების პირველ ნაკადზე 242 აპლიკანტიდან ბარიერი 84-მა მათგანმა დაძლია. 158-მა საჯარო მოხელემ კი, მერიის მიერ დადგენილი ზღვარი ვერ გადალახა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის თქმით, შედეგები დაბალია, თუმცა ბარიერი თბილისის მერიამ დააწესა. მიმინოშვილი აღნიშნავს, რომ ბარიერის გადალახვა მხოლოდ აპლიკანტმა 35%-მა შეძლო.

სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით,  ის აპლიკანტები, რომლებმაც 45-ქულიანი ბარიერი ერ გადალახეს, ტესტების სირთულეზე საუბრობენ. ერთ-ერთი აპლიკანტი აღნიშნავს, რომ ტესტის სირთულე არ შეესაბამებოდა მის მიერ მერიაში დაკავებულ თანამდებობას (ცხელი ხაზის თანამშრომელი). იმ აპლიკანტებმა კი, ვინც დადგენილი ზღვარი გადალახეს, ტესტების სირთულე საშუალო დონით შეაფასეს. 

თბილისის მერიის მოხელეთა ატესტაციის პირველ ეტაპზე  280 აპლიკანტიდან ტესტირებაში მონაწილეობა 242-მა   მიიღო. 37 აპლიკანტი ტესტირებაზე არ გამოცხადდა, ერთმა კი დააგვიანა. მეორე ეტაპზე აპლიკანტებს გასაუბრება ჩაუტარდებათ. თბილისის მერიის ინფორმაციით, გასაუბრება 7 ნოემბრიდან 14 ნოემბრამდე ეტაპობრივად ჩატარდება. 

დღევანდელ ტესტირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს და ის ორ მიმართულებას მოიცავს – საქართველოს კანონმდებლობასა და ზოგად უნარებს. თითოეულ აპლიკანტს 60 დავალება აქვს მიცემული. კანონმდებლობის ნაწილი 45 დავალებისგან, ხოლო ზოგადი უნარების ნაწილი 15 დავალებისგან შედგება. ტესტირების მინიმალური გამსვლელი ზღვარი შეადგენს 75%-ს, ანუ 60 კითხვიდან არანაკლებ 45 სწორ პასუხს. ტესტზე მუშაობის დასრულების შემდეგ, პროგრამა ავტომატურად დაითვლის სწორი და არასწორი პასუხების რაოდენობას და მონაწილეს საკუთარი შედეგის ნახვა ადგილზე მომენტალურად შეეძლება.

კომენტარები