თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

ნორლანდი: სრულად ვენდობით ირაკლი ალასანიასა და თავდაცვის სამინისტროს გუნდს

georgia.usembassy.gov

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი აცხადებს, რომ აშშ სრულად ენდობა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და სამინისტროს ხელმძღვანელ გუნდს. ნორლანდი თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქმე საფუძვლიან გამოძიებას მოითხოვს. მისი თქმით, აშშ სთხოვს საქართველოს მთავრობას, ამ საქმის გამოძიებასაც სამართლებლივი პროცედურებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით მიუდგეს.

"ვიცი, რომ ამ გამოძიებასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაისვა. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ შეერთებული შტატები სრულად ენდობა საქართველოს, როგორც მის პარტნიორს სამხედრო და თავდაცვის საკითხებში, იქნება ეს საქართველო-შეერთებული შტატების ორმხრივი თუ საქართველო-ნატოს ურთიერთობა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სრულად ვენდობით მინისტრ ალასანიასა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ გუნდს. მივესალმებით მათ განცხადებას, რომ ისინი სრულად ითანამშრომლებენ გამოძიებასთან. ყოველთვის, როდესაც გაისმის კორუფციის ბრალდება, საქმე საფუძვლიან გამოძიებას მოითხოვს. მივესალმებით ამგვარ გამოძიებას. როგორც ყოველთვის, ვთხოვთ მთავრობას, ამ გამოძიებასაც სამართლებლივი პროცედურებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით მიუდგეს.“ - აცხადებს ნორლანდი.

4 მილიონზე ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის 5 პირი 28 ოქტომბერს დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, 2013 წელს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ცნობილი გახდა, რომ კომპანია სილქნეტი კერძო სამეწარმეო მიზნებისთვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას გეგმავდა. ბრალდებულებმა ბაზრის კვლევისა და შესაძენი ქონებისა და მომსახურების მიღებისთვის ყველაზე დაბალი ფასის განსაზღვრისთვის დოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ საიდუმლო შესყიდვა გამოაცხადეს. მათ ტენდერში მონაწილეობის მიღებისთვის მოწვევა სილქნეტთან ერთად კიდევ 9 კომპანიას გაუგზავნეს. თუმცა პროკურატურის ინფორმაციით, საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებმა სილქნეტი პრივილიგირებულ მდგომარეობაში ჩააყენეს, და საბოლოოდ საიდუმლო შესყიდვაში სილქნეტმა გაიმარჯვა. საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს. თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, აღნიშნულ შესყიდვას საიდუმლო გრიფი მოეხსნას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-იდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

ბრალდებულების დახურული სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, აღკვეთის ღონისძიების რა ზომას შეუფარდებენ დაკავებულებს. ხუთივე მათგანს თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა თავდებში უდგება.

კომენტარები