ზეწოლა თანამდებობის პირზე

ისნის რაიონის გამგებლის მოადგილეს თანამდებობის დატოვებას აიძულებენ

ისნის რაიონის გამგებლის მოადგილეს, ბესიკ დონაძეს, თანამდებობის დატოვებას აიძულებენ. ამ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

ზეწოლის ფაქტს თავად დონაძეც ადასტურებს. მისი განცხადებით, 2014 წლის აგვისტოდან, თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვების მიზნით, მასზე სისტემატური ზეწოლა ხორციელდება. დონაძე ზეწოლის მიზეზად მის პოლიტიკურ შეხედულებებს ასახელებს. მისი განცხადებით, ისნის გამგებელი მას სამსახურეობრივ თათბირებს არ ასწრებს, ცდილობს მის საქმიდან ჩამოშორებას, არ უშვებს კუთვნილ შვებულებაში და მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებით ემუქრება.

ბესიკ დონაძე იმ ადამიანების გვარებსაც ასახელებს, რომლებიც მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ. მისი თქმით, ესენი არიან გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი, გამგეობის აპარატის უფროსი ნოდარ გოგოხია, გამგეობის სხვა თანამდებობის პირები, ჯუმბერ ახვლედიანი და გელა კვირიკაძე.

დონაძის თქმით, ზეწოლის ფაქტი ბოლოს 30 სექტემბერს მოხდა, როდესაც გამგებლის კაბინეტში მას სამსახურიდან წასვლას გამგებელთან ერთად თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატები, ილია ჯიშკარიანი და ზურაბ ნეფარიძეც აიძულებდნენ.

საია-ში ადასტურებენ, რომ ბესიკ დონაძემ მათ გააცნო აუდიო ჩანაწერები, რომლებიც ზეწოლის ფაქტზე მტკიცებულებებს წარმოადგენს. საია-ს განცხადების მიხედვით, ჩანაწერებში დაფიქსირებულია დონაძეზე ზეწოლის კონკრეტული მაგალითები. ასოციაცია პროკურატურას საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

"ის საუბრობს მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე იმ მიზნით, რომ დაწეროს განცხადება. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც ალბათ უფრო გაჭირდება იმის უარყოფა, რომ ბატონი ბესიკის მიმართ არ განხორციელებულა ზეწოლა", - ამბობს საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძე.

როგორც ბესიკ დონაძე აცხადებს, პირადი ინიციატივით სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება ისნის რაიონის გამგეობაში დასაქმებულ 40-მდე ადამიანს დააწერინეს. განცხადებებზე არ არის მითთებული მათი დაწერის თარიღები, რაც თანამდებობის პირებს ამ განცხადებების გამოყენების შესაძლებლობას ნებისმიერ დროს აძლევს. საია მოუწოდებს ნებისმიერ საჯარო მოხელეს, მათზე ზეწოლის შემთხვევაში არ დაწერონ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით და დაუკავშირდნენ საია-ს ოფისებს.

ბესიკ დონაძემ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართა და მტკიცებულებები წარუდგინა. 

კომენტარები