რელიგიები

ბოლო ექვსი წლის მანძილზე თბილისში მესამე სომხური ტაძარი ჩამოინგრა

რელიგიის საკითხთა შემსწავლელი სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, 19 სექტემბერს ჩამონგრეული ეროვანცოც სურბ მინას ტაძარი სომხური ეპარქიის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. სურბ მინას ტაძარი კულტურული ძეგლის სტატუსს ფლობს, ის ერთერთია იმ საკულტო ნაგებობათაგან, რომლის გადაცემასაც საქართველოში სომხური ეპარქია წლებია, უშედეგოდ მოითხოვს. ტაძარზე პრეტენზიას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც აცხადებს. ვაშაყმაძის განცხადებით, პირველ რიგში ძეგლი უნდა აღდგეს, ამის შემდეგ კი შეიქმნას კომისია, რომელიც  მისი კუთვნილების საკითხს გადაწყვეტს.

სომხური ეპარქიის წარმომადგენელი, ლევონ ისახანიანი კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ არის, თუმცა აღნიშნავს, რომ მან კომპლექსურ საკითხებზე უნდა იმსჯელოს, როგორიც არის სხვადასხვა კონფესიისთვის ჩამორთმეული და ამჟამად საპატრიარქოს საკუთრებაში მყოფი ტაძრების ისტორიული მეპატრონისთვის დაბრუნების საკითხი.

სურბ მინას ეკლესია პარასკევს ჩამოინგრა, ის ამჟამად ამხანაგობა „იორი 30“-ის საკუთრებაშია. სომეხთა ეპარქიის განცხადებით, გელათის ქუჩის N13-ში მდებარე სურბ მინასის სახელობის ტაძარი და მისი ეზო პრივატიზებულია ეზოს მკვიდრების, ინეზა აფრასიძისა და ნაირა ქურხულის მიერ. მისივე თქმით, პრივატიზაციის შემდეგ ტაძრის მისამართი შეიცვალა. ტაბულასთან საუბარში თანამესაკუთრე, ინეზა აფრასიძე ამბობს, რომ ის ტაძრის სომხური ეპარქიისთვის გადაცემის წინააღმდეგი არ იქნება, თუ საპატრიარქო და სახელმწიფო ამაზე თანახმობას განაცხადებენ.

საქართველოში საბჭოთა დროს ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას რამდენიმე რელიგიური ჯგუფი მოითხოვს. უმცირესობათა ქონების ნაწილი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა, რომელთა ნაწილსაც ის ღვთისმსახურებისთვის იყენებს, თუმცა ნაწილში დომინანტი რელიგიური ჯგუფი არც თავად სწირავს და არც სხვას აძლევს ამის უფლებას.

სანამ წინა თუ ახალი ხელისუფლება კომისიას აარსებდა, თბილისში უკვე მესამე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაინგრა. 2009 წელს ასე ემსხვერპლა სურბ გევორგის ეკლესია სახელმწიფოს ინერტულობას, 2012 წელს კი სურბ ნშანის ტაძარმაც იგივე ბედი გაიზიარა.

დღეს ორივე ძეგლი, სურბ მინას ახლადჩამონგრეული ტაძრის მსგავსად, დაკეტილია და არ მოქმედებს. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფომ უმცირესობებისთვის ტაძრების დასაბრუნებლად მრავალმხრივი კომისია არაერთხელ დააფუძნა, მაგრამ არავის უნახავს მათ მიერ დადებული შედეგი, იქმნება შთაბეჭდილება რომ ის წარსულშიც და ახლაც პოპულარული გამოთქმის მიხედვით მოქმედებს - თუ გინდა საქმე ჩავარდეს, დააარსე კომისია. 

კომენტარები