ე.წ კანონიერი ქურდები

კრიმინალური ავტ: ენმ-ს დაბრუნების შანსი რომ ჰქონდეს, ყველა უნდა დავხოცოთ

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში ე.წ კანონიერი ქურდები და მაყურებლები ხანგრძლივ სატელეფონო კონფერენციებს მართავენ, სადაც ერთმანეთს ესაუბრებიან, საქმეებს არჩევენ, სხვა პირის ფიზიკურ ანგარიშსწორებას უკვეთავენ და ე.წ ობშიაკის შეროვებას წყვეტენ. 20 სექტემბერს, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ფარული აუდიოჩანაწერები გავიდა, რომლის მიხედვითაც, კრიმინალური ავტორიტეტები თენგო პირველი, მინდია გორაძე, ირაკლი ხოხიაშვილი, ტარიელ ფოცხვერია, რეზო ხარძიანი, "გაბრო", შამილ გუჯეჯიანი, გიორგი ჯოხაძე და სხვები მსჯავრდებულებს და მაყურებლებს ტელეფონით ელაპარაკებიან. გადაცემის წამყვანის ეკა კვესიტაძის თქმით, აღნიშნული ჩანაწერები ძირითადად 2013 წელს არის გაკეთებული. მისი განმარტებით, გადაცემას სატელეფონო საუბრები შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.

ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, კრიმინალური ავტორიტეტი გიორგი ჯოხაძე მაყურებელ არმაის გრიგორიანს ციხეში გამოსწორებულ სიტუაციაზე ესაუბრება. ისინი აღნიშნავენ, რომ წინა ხელისუფლების დაბრუნებას არ დაუშვებენ და თავს შეაკლავენ.

- ბიჭო, მაგრად გამოსწორდა სიტუაცია ხო?

- კი, კი, ძმა, იქით მაგრად დავაყენეთ, ხოშიანად, იქ ტუბზონაში, ახლა ახალი ხო გაიხსნა, ტუბზონა, ბიჭო, გაიგე? ხოდა, ახალი კორპუსი და ხუთსართულიანი და კაროჩე მაგრად დადგა რა და ისე დავტოვე და წამოვედი ხოშიანად რა სიმონ, გაიგე?

- ვახ ჩემი, რეები გადაგვატანინეს ბიჭო...

- აბა.

- ამათ ბიჭო, შანსი რომ ჰქონდეთ, ერთი შანსიც რომ უკან მოვიდნენ , სულ ყველა უნდა დავხოცოთ.

- აბა რა, ბიჭო, რა შანსი.

- შევაკლავთ ბიჭო.. ვინ დაბრუნდება, ღადაობ ჩემი? ამათი დაბრუნება და ჩვენი ტრ-ში სიკვდილი ერთია.

- ზვიადისტები რომ არიან, ზვიადისტები, ხო იცი, აი, ეგრე ვარ ბიძინისტი, ბავშვს ვფიცავარ.

- მაგარი კაცი გაიჩითა სიმონ, მაგარი, სადაც ვრეკავ, სულ უკვე მუღამებია რა, თბილისში. რაღაც-რაღაცა, დიდი არაფერი, მაგრამ ხო იცი, მაინც შვება არის, ბიჭო.

- ბიჭო, რა მაინც.

- ბიჭო, ვატოსთან გაქვს კავშირი?

- კი კაცო, აბა რა, ის დრო ხომ აღარ არის, ვერავისთან რომ ვერ რეკავდი.

კიდევ ერთი აუდიოჩანაწერის მიხედვით, ამნისტირებული პატიმარი ესაუბრება კრიმინალურ ავტორიტეტ გაბროს და მასობრივი ამნისტიის მასშტაბებით გაოცებას გამოხატავს.

"ბარიგებს ხელი მაშინ ჯაბამ არ შეახო, იმენნა, როგორი ხალხი: 21 წელი, 19 წელი, 18 წელი, მოუხსნეს და გამოუშვეს ბიჭო" - ამბობს ამნისტირებული პატიმარი და კრიმინალური ავტორიტეტის ნათქვამზე, რომ საქართველოში ჩამოსვლა უნდა, შემდეგ პასუხს სცემს: "ჩამოდი ძმაო, ეგეთი ის არ არის, ჩამოდი, ჩამოხვალ ჩვეულებრივად. შემოგევლე ძმაო, არავინ არაფერს... ადრე რომ იყო, ეგრე აღარ არის ძმაო".

ეკა კვესიტაძის განმარტებით, პატიმრობაში მყოფი ქურდები და კრიმინალური ავტორიტეტები ციხეებში განთავსებული სტაციონარული სატელეფონო აპარატებიდან დათქმულ დროს თავისუფლებაზე მყოფ თავიანთ თანამზრახველებს უკავშირდებიან. ისინი ციხეებიდან შემავალ ზარებს სატელეფონო კონფერენციის რეჟიმში რთავენ და როგორც მსჯავრდებულებს, ისე თავისუფლებაზე მყოფ  კანონიერ ქურდებს საშუალებას აძლევენ, ერთმანეთს შორის საქმე გაარჩიონ და დაპირისპირებულ კლანებს შორის საქმე მოაგვარონ. 

კომენტარები