ზურაბ ჟვანიას საქმე

ხარშილაძისა და ძაძამიას პროცესი გადაიდო, ჩაჩუას საქმეზე კი სხდომა მიმდინარეობს

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული დაცვის უფროსის კობა ხარშილაძისა და დაცვის ცვლის უფროსის მიხეილ ძაძამიას სასამართლო პროცესი 30 სექტემბრისთვის გადაიდო. შესაბამისი შუამდგომლობა დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ დააყენა. პროკურორ მალხაზ კაპანაძის განმარტებით, ამ საქმეზე მუშაობს რეზო ნადოიც, რომელიც სრულყოფილ ინფორმაციას ფლობს, ხოლო თავად საქმის დეტალებს არ იცნობს. მისივე თქმით, რეზო ნადოი აღნიშნულ პროცესზე ვერ გამოცხადდა, რადგან პარალელურად, ამავე საქმეზე დაკავებული ექსპერტ ლევან ჩაჩუას პროცესი მიმდინარეობს.

ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის, ბრალდებულ კობა ხარშილაძის შეფასებით, პროკურატურა ცდილობს სასამართლო პროცესები გაწელოს, რადგან მტკიცებულებები არ გააჩნია. 

"პროკურატურა გვეუბნება, მომზადებული არ ვარ სხდომისთვისო. არა მარტო სხდომისთვის არ არის მომზადებული პროკურატურა, არამედ ეს საქმე გამოძიებულიც არ არის. გამოძიება არ არის მზად იმისთვის, რომ გაიმართოს სასამართლო პროცესები", - განაცხადა ხარშილაძემ. 

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით კი, სასამართლო ვერ მივიდა იმ მომენტამდე, რომ FBI-ს დასკვნის დასაშვებობაზე მსჯელობა მოხდეს. მისივე თქმით, პროკურატურა ცდილობს, რომ ეს დასკვნა დამალოს. 

მიხეილ ძაძამიას ადვოკატის გელა ქენქაძის განცხადებით კი, ის დაზიანებები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ფოტოშოპია. როგორც მან აღნიშნა, ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვს არანაირი სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები არ ჰქონიათ. 

"მე ვნახე მასალები და ამ მასალებიდან ირკვევა, რომ არანაირი დაზიანებები მათ არ ჰქონიათ. ზურაბ ჟვანიას ტუჩზე იყო მხოლოდ პატარა დაზიანება, ისიც უმნიშვნელო", - განაცხადა ქენქაძემ და დასძინა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა, რადგან ის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დროს თავის სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ადვოკატი დღევანდელ პროცესზე ძაძამიასთვის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის 5 000-ლარიანი გირაოთი შეცვლის მოთხოვნას გეგმავდა. 

"მიხეილ ძაძამია ამ დროს თავის სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, ის საერთოდ არ მუშაობდა. ზურაბ ჟვანიამ დაურეკა და სთხოვა, რომ მიეყვანა იმ ბინაზე - საბურთალოზე, სადაც შეხვედრებს მართავდა, მიიყვანა და წამოვიდა. შესაბამისად, მისი სამსახურებრივ გულგრილობაში დადანაშაულება სრულიად უსაფუძვლოა", - განაცხადა ქენქაძემ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დაკავებული ექსპერტის ლევან ჩაჩუას საქმეზე წინასასამართლო სხდომა იმართება. ჩაჩუას საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. მიმდინარე პროცესზე ლევან ჩაჩუამ ნაფიცი მსაჯულების პირობებში მისი საქმის განხილვაზე უარი თქვა. ადვოკატ ზურაბ ტაბიძის ინფორმაციით, იგი მოითხოვს მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას. გარდა ამისა, ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდების მხარე "ჰაკიმ ფაშას" სახელით გავრცელებული ვიდეომასალის მტკიცებულებად დაშვებას ითხოვს. დაცვის მხარე კი, აღნიშნულის წინააღმდეგია.

კომენტარები