ერიკ რუბინი

რუბინი: გვაწუხებს ის, რომ ამდენი ყურადღება და ენერგია იხარჯება წარსულზე

State Gov

თუ ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობის მიმართ დაიწყება გამოძიება და სამართლებრივი დევნა, აღარ იარსებებს ძლიერი ოპოზიცია და ეს დააზარალებს დემოკრატიას - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინმა "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

რუბინის თქმით, დიდი ყურადღება და ენერგია იხარჯება წარსულზე, რომელიც საქართველოს დემოკრატიისაკენ მიმავალ გზაზე აფერხებს.

"გვაწუხებს ის, რომ ამდენი ყურადღება და ენერგია იხარჯება წარსულზე. ჩვენი შესაფასებელი არ არის სპეციფიკური საქმეები, მაგრამ მიგვაჩნია, რომ როდესაც ყოფილ პრეზიდენტზე, დღეს კი მნიშვნელოვან ოპოზიციურ ფიგურაზე ვსაუბრობთ, ვშიშობთ, რომ ეს საქმე საბოლოო ჯამში დააზიანებს საქართველოს ძალისხმევას, იაროს წინ და შექმნას ნამდვილი დემოკრატია. ასეთია საერთო სურათი. ჩემთვის, როგორც ამერიკელისათვის, ვფიქრობ, მიზანშეწონილი არ არის ამაზე შორს წასვლა" - განაცხადა ერიკ რუბინმა.

რუბინის თქმით ის მხოლოდ რჩევას აძლევს საქართველოს მთავრობას.  

"ნამდვილ დემოკრატიაში აუცილებელია ოპოზიცია და ნამდვილი დებატები პარლამენტში. გამოვხატეთ შეშფოთება, რომ თუ ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობის მიმართ დაიწყება გამოძიება და სამართლებრივი დევნა, აღარ იარსებებს ძლიერი ოპოზიცია და ეს დააზარალებს დემოკრატიას. როგორც აღვნიშნე, ესაა რჩევა - არა გაფრთხილება და არც არაფერი იმაზე მეტი, რაც ვთქვი. იმედი გვაქვს, ქართველები გაიხედავენ წინ და არა უკან და რამდენადაც შესაძლებელია, გაერთიანდებიან, რათა ერთად მიაღწონ დასახულ მიზანს" - განაცხადა რუბინმა.

კომენტარები