ღარიბაშვილი-მარგველაშვილი

ღარიბაშვილი: ჩემს კონკურენტად არავის არ აღვიქვამ

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

ჩვენი მოსახლეობა დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ჩვენი მთავარი გამოწვევა და ჩემი მთავარი კონკურენტი ქვეყნის ეკონომიკაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერმინისტრის თქმით, მისთვის ბიძინა ივანიშვილის სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია.

”ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეფასება, მისი თითოეული სიტყვა. ძალიან სამწუხაროა, რომ ისეთი მარტივი საკითხი, როგორიც არის გაეროში გამგზავრება და ქვეყნის წარმოჩინება, გახდა ამდენი საუბრისა და სპეკულაციების საგანი”, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ იმსჯელა და გადაწყდა, რომ გაეროს ასამბლეაზე ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური წავა.   

”ვინაიდან მე მქონდა თვეების განმავლობაში დაგეგმილი და გაწერილი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები მსოფლიოს ქვეყნების არაერთ ლიდერთან და ვინაიდან მე ვარ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და საჭიროდ ჩავთვალეთ, ქვეყნის სახელით წარსდგეს ქვეყნის პრემიერმინისტრი”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.  

პრემიერმინისტრის თქმით, ის თავის კონკურენტად არავის აღიქვამს და სამწუხაროა, თუ ვინმე მას აღიქვამს კონკურენტად.

”მე მინდა გითხრათ, რომ მე მხოლოდ ვფიქრობ საქმეებზე, იმ გაჭირვებაზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც წლების მანძილზე გადაუჭრელია. ჩვენი მოსახლეობა დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ჩვენი მთავარი გამოწვევა და ჩემი მთავარი კონკურენტი ქვეყნის ეკონომიკაა. მე ამაზე ვფიქრობ, მე არ ვფიქრობ პრეზიდენტ მარგველაშვილზე, მე არ აღვიქვამ არავის კონკურენტად. ძალიან სამწუხაროა, თუ ვინმე კონკურენტად აღმიქვამს, თუმცა ეს ნორმალურია, მათი უფლებაა. ჩემი მთავარი კონკურენტი სიღარიბე, სიდუხჭირე, უმუშევრობა და ეკონომიკაა. ის, რაც წლების განმავლობაში იყო ქვეყანაში დაგროვილი”, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ გაეროში მისი ვიზიტის საწინააღმდეგოდ ორგანიზებული მუშაობა მოხდა და ის ჩაშლილია.  

კომენტარები