გაეროს გენერალური ასამბლეა

ალასანია: ქვეყანას ერთი დელეგაცია უნდა წარმოადგენდეს და ეს უნდა იყოს პრემიერი

ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოდან ორი დელეგაციის გამგზავრება უხერხულობას შექმნის - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა კომენტარი რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა.

ალასანია თვლის, რომ საქართველოს სამიტზე ერთი დელეგაცია უნდა წარმოადგენდეს და მას პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობდეს:

„თავდაცვის მინისტრი ვერ იტყვის, ვინ უნდა წავიდეს დელეგაციაში და ვინ არა. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მივიღეთ, როდესაც ვემზადებოთ გაეროს სამიტისთვის, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ აქ მონაწილეობა მიიღოს პრემიერმინისტრმა და სამთავრობო დელეგაციამ.
მე, როგორც გარკვეული გამოცდილების მქონე დიპლომატი, რომელიც ვმუშაობდი გაეროში, ვთვლი, რომ ერთი დელეგაცია უნდა წარმოადგენდეს ქვეყანას. ეს უნდა იყოს პრემიერმინისტრი. ჯერ ალბათ კიდევ შედგება კონსულტაციები და მნიშვნელოვანია, რომ ეს კონტაქტი ყველა ინსტიტუციას შორის არსებობდეს. თუკი გადაწყდება, რომ მეორე დელეგაციაც მიდის და ეს გარკვეულ უხერხულობას აუცილებლად შექმნის, მაშინ უნდა იყოს ძალიან მკაფიო შეთანხმება იმ გზავნილებზე, რა გზავნილებსაც დელეგაცია მიაწოდებს გაეროს თუ სხვა ორგანიზაციებს, სადაც შეხვედრა იქნება. მაგრამ მაინც, ძირითადი გამოსვლა გაეროში და გენერალურ ასამბლეაზე არის პრემიერმინისტრის, ის გამოდის სიტყვით, მას ექნება ვიზიტი გაეროში", - ამბობს თავდაცვის მინისტრი.

საქართველოს პრეზიდენტმაც და პრემიერმაც უკვე დაადასტურეს, რომ აშშ-ში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად მიემგზავრებიან.

კომენტარები