გაეროს გენერალური ასამბლეა

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტიც გაემგზავრება

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაემგზავრება - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

„მე მგონია, რომ როდესაც პრეზიდენტი იღებს თავის სახელზე მიპატიჟებას, ამ წერილზე პასუხი პრეზიდენტის საქმეა და არა სხვა უწყებების. იმიტომ, რომ პრეზიდენტს გააჩნია წერილის დაწერის, პასუხის გაცემის და თავის პოზიციის დაფიქსირების შესაბამისი უნარი", - ამბობს პრეზიდენტი.

მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალდებულები აქვს არა მხოლოდ მთავრობის, არამედ სახელმწიფოს წინაშე და ევალება პრეზიდენტის საგარეო კომუნიკაციის ეფექტური უზრუნველყოფა:

„ჩემგან წასულ კომუნიკაციას არ აქვს შესაბამისი მხარდაჭერა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვენლოვანია, გავიაზროთ, რომ ყველა უწყება, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს, ნებმისმიერი სამინისტრო, იქნება ეს საგარეო საქმეთა თუ სხვა სამინისტრო, არის არა მთავრობის სამინისტრო, არამედ სახელმწიფოს, საქართველოს სამინისტრო. შესაბამისად ამ სამინისტროებს ვალდებულებები აქვთ არა მარტო მთავრობის მიმართ, არმედ აქვთ მათ შორის პრეზიდენტის საგარეო კომუნიკაციის ეფექტური უზრუნველყოფის ვალდებულება".

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის და მისი კოლეგები „არ იშურებენ დროს და ენერგიას, რომ ეს ინფორმაცია გაუზიარონ კოლეგებს სამინისტროებში".

„სახელმწიფოს მეთაური არის პრეზიდენტი, შესაბამისად, თუ პრეზიდენტი აგზავნის წერილს, ეს წერილი უნდა მივიდეს დროზე. თუ პრეზიდენტს უგზავნიან წერილს, ეს წერილი უნდა მოვიდეს დროზე. თუ ერთიანი პოზიცია არის ჩამოსაყალიბებელი, ვინ სად წავა, ეს კონსულტაციებით ყალიბდება. გამომდინარე იქიდან, რომ მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი და ამავე დროს კონსტიტუციის გარანტი, ჩემი ვალდებულებაა ყველას შევახსენო თავისი კონსტიტუციური სტატუსი ... თუ პრეზიდენტი იღებს წერილს და პასუხობს მას, არ მგონია, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტა რწმენის ან გემოვნების თემაა", - ამბობს პრეზიდენტი.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ამ მოვლენებს დრამატულად არ აღიქვამს და მიუხედავად კომუნიკაციაში არსებული სირთულეებისა, იმედოვნებს, რომ „ამ შემთხვევიდანაც ჩვენ უფრო მაღალი დემოკრატიის ხარისხით გამოვალთ".

შეგახსენებთ, დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გასამგზავრებელ დელეგაციაზე მთავრობამ რამდენიმე თვის წინ იმსჯელა და გადაწყდა, რომ პრემიერი გაემგზავრება.

ასამბლეაზე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით 26 სექტემბერს გამოვა. ამავე ასამბლეის ფარგლებში, კლიმატის შესახებ სამიტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა იგეგმება, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გასულ კვირაში განაცხადეს, რომ ამ სამიტზეც სიტყვით პრემიერი გამოვა და საგარეო უწყება გაერო-ში პრეზიდენტის ვიზიტის მოსამზადებლად არ მუშაობს. 

კომენტარები