კრიზისი უკრაინაში

ლავროვი: ჩვენ მინსკის შეთანხმების ჩაშლით არ ვართ დაინტერესებული

ლავროვი
novinite.com

რუსეთი ამტკიცებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უკრაინაში, ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, დაცულია. სერგეი ლავროვის შეშფოთებას უკრაინული ძალების ქმედებები იწვევს. რუსეთის მთავარმა დიპლომატმა უკრაინის რეგიონების სტატუსზე მოლაპარაკების დაწყება და ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელება მოითხოვა.

"რაც შეეხება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონების სტატუსს, ნაბიჯები ამ მიმართულებით ხელმოწერილ ოქმში არის გათვალისწინებული. იმედი გვაქვს, მოლაპარაკებები მალე დაიწყება. სიტუაციას ყურადღებით დავაკვირდებით. ჩვენ მინსკის შეთანხმების ჩაშლით არ ვართ დაინტერესებული. ძალიან გვაშფოთებს დებალცევოსთან უკრაინული ძალების მძიმე შეიარაღების კონცენტრაცია, რომელიც დამრტყმელი დაჯგუფების შექმნის მცდელობას ჰგავს", - აცხადებს ლავროვი.

უკრაინელებსა და პრორუს ინტერვენტებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი 5 სექტემბერს, მინსკში მოეწერა. თუმცა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსული საოკუპაციო ძალები და პრორუსი სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ. გასული დღე-ღამის განმავლობაში მათ უკრაინული ჯარის პოზიციები, მათ შორის, დონეცკის აეროპორტში, გრადებითა და ნაღმმტყორცნებით რამდენიმეჯერ დაბომბეს. უკრაინელი სამხედროები მხოლოდ საპასუხო ცეცხლს ხსნიან. NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის ხელმოწერის შემდეგ რუსული ძალების რაოდენობა უკრაინაში კიდევ უფრო გაიზარდა. 

კომენტარები