ომი უკრაინაში

მარგველაშვილი: აგვისტოს ომი და უკრაინის კრიზისი ერთი რუსული სცენარის ნაწილია

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

მოვლენები, რომელიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში მოხდა და მოვლენები, რომელიც ახლა უკრაინაში ვითარდება, რუსეთის ერთი სცენარის ნაწილია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა BBC-ის ეთერში განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომსა და ახლა უკრაინაში რუსეთის აგრესიას შორის კავშირს პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ბევრი ლიდერი ხედავს და მიაჩნია, რომ NATO-ს ერთიანი მიდგომა უნდა ჰქონდეს ამ ორი საკითხის მიმართ.

”საკითხის პოლიტიკური მოგვარება უნდა იყოს საერთო პოლიტიკური დამოკიდებულება იმის მიმართ. ერთიდაიგივე შემთხვევაა ის, რაც ხდება უკრაინაში და რაც მოხდა საქართველოში. 2008 წლის რუსეთის ოკუპაცია საქართველოში და ახლანდელი მოვლენები ერთი სცენარის ნაწილია. სცენარის, რომელიც საქართველოს, უკრაინას, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს რუსეთის უკანა ეზოდ მოიაზრებს. ნატოს ამ საკითხების მიმართ საერთო მიდგომა უნდა ქონდეს. მე არ ვსაუბრობ სამხედრო მიდგომაზე” - განაცხადა მარგველაშვილმა. 

მარგველაშვილის განცხადებით, რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა, იყო ქვეყნის დასჯა დამოუკიდებლად გაკეთებული არჩევანისთვის. მისივე თქმით, ის, რაც 2014 წელს უკრაინაში ხდება, ასევე არის ქვეყნის დასჯა თავისუფალი არჩევანისთვის.

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის თემას ლონდონის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისასაც შეეხო და განაცხადა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადების მისწრაფებას უკავშირდება.

"ყველამ კარგად ვიცით, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადების მისწრაფებას უკავშირდება, იგივე მოხდა საქართველოს შემთხვევაში. ახლა ჩვენ უკვე ვართ ევროკავშირის ასოცირებული წევრები, მაგრამ გლობალური თვალსაზრისით, ჩვენი მეზობლის - რუსეთის ფედერაციის პასუხი ჩვენი დამოუკიდებელი არჩევანის მიმართ ძალიან უხეში იყო. თუმცა ჩვენი კავშირი ამ ვითარებამ კიდევ უფრო განამტკიცა და ვავითარებთ ახალ, საერთო მიდგომებს - ჩვენ და უკრაინა ერთად", - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები