მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში 2014

აშშ-ის დამაჯერებელი გამარჯვება თურქეთზე, მხოლოდ მეორე ნახევარში

cbsnation.com

ესპანეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კალათბურთში, თავის მეორე შეხვედრა მოიგო ამერიკის ნაკრებმა. NBA-ს ვარსკვლავებმა, ამჯერად თურქები დაამარცხეს, ანგარიშით - 98:77.

გამარჯვების მიუხედავად, ამერიკულ სპორტულ პრესაში ყურადღებას სხვა დეტალებზე ამახვილებენ. NBA.COM-ის ანალიტიკოსი სეიკუ სმიტი წერს, რომ ხსენებულ შეხვედრაში ამერიკელებს გამოღვიძება დასჭირდათ, ისინი აიძულეს მეტი ემუშავათ. ეს ყველაფერი მოგვიანებით მოხდა, იქამდე კი პირველი ნახევრის მიწურულს თურქები 40:35 იგებდნენ.

როგორც შემდგომში გამოჩნდა, ეს არაფერი იყო, გარდა სტანდარტული მეტოქის სათანადოდ შეუფასებლობისა. რა თქმა უნდა, თურქეთმა საკმაოდ კარგი კალათბურთი აჩვენა და ომარ აშიკის მეთაურობით, ამერიკელებს პირველ ნახევარში სათანადო წინააღმდეგობა გაუწია, რაზეც ზემოხსენებული ანგარიშიც მეტყველებს. მიუხედავად ამისა, მაიკ კრჟიჟევსკის გუნდი პანიკაში არ ჩავარდნილა და მესამე, მეოთხე მეოთხედებში გამარჯვებულის ვინაობა ეჭვქვეშ არ დამდგარა.

ამერიკელებმა ჩემპიონატზე პირველ შეხვედრაში ფინელები 59 ქულით დაამარცხეს და გასაკვირი არაა, რომ გულშემატკივრები მათგან თურქეთთანაც მსგავს შედეგს ითხოვდნენ. 

სხვა შეხვედრებში ბრაზილიამ ირანი დაამარცხა (79:50), ლიტვამ ანგოლას სძლია (75:62), ბერძნებმა ფილიპინელებს მოუგეს (82:70), ხოლო ესპანეთმა ეგვიპტე გაანადგურა (91:54).

კომენტარები