მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში 2014

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის აშშ-ს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

აშშ-ს საკალათბურთო ნაკრების დირექტორმა ჯერი კოლანჯელომ ის 12 კალათბურთელი დაასახელა, ვინც ქვეყანას 30 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით ესპანეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმოადგენს. ესენი არიან:

დემარკუს კაზენსი (საკრამენტო კინგსი), სტეფენ კარი (გოლდენ სტეიტ უორიორზი), ენტონი დევისი (ნიუ ორლეანს პელიკანსი), დემარ დეროზანი (ტორონტო რაპტორსი), ანდრე დრამონდი (დეტროიტ პისტონსი), კენეტ ფარიდი (დენვერ ნაგეტსი), რუდი გეი (საკრამენტო კინგსი), ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონ როკეტსი), კაირი ირვინგი (კლივლენტ კავალიერსი), მეისონ პამლი (ბრუკლინ ნეტსი), დერიკ როუზი (ჩიკაგო ბულსი) და კლეი ტომპსონი (გოლდენ სტეიტ უორიორზი).

"2005 წლის შემდეგ, ეს იყო ყველაზე რთული სელექციის პროცესი რაც აშშ-ს ნაკრებში ჩაგვიტარებია. თითოეულმა მოთამაშემ საოცარი მონდომება გამოავლინა, თუმცა მინდა განვაცხადო, რომ აქ ყველაფერი ტალანტზე არ ყოფილა დამოკიდებული - ყველა კალათბურთელი, ვინც ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა ძალიან ნიჭიერია, უბრალოდ ის ბიჭები ავარჩიეთ, ვინც ჩვენ მიერ შეთავაზებული თამაშის სტილს ყველაზე მეტად მოერგო," - განაცხადა ჯერი კოლანჯელომ.

1950 წლის შემდეგ, აშშ-ს ნაკრებმა 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ასევე აღსანიშნავია, რომ ამერიკას ეკუთვნის მოგება-წაგების ყველა დროის რეკორდი - 114-27. მაიკ კრჟიჟევსკის გუნდმა ბოლოს ოქრო სტანბოლში მოიგო და ახლა ესპანეთში მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩადის.

მსოფლიოს ჩემპიონატზე აშშ-ს ნაკრები C ჯგუფში - დომინიკის რესპუბლიკის, ფინეთის, ახალი ზელანდიის, თურქეთისა და უკრაინის ეროვნულ გუნდებთან ერთად მოხვდა.

 

კომენტარები