ომი უკრაინაში

რასმუსენი: რუსეთი უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში პირდაპირაა ჩართული

რუსული ძალები უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში პირდაპირ არიან ჩართულები, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსმენმა განაცხადა.

რასმუსენის განცხადებით, NATO უკრაინის მხარდამჭერად რჩება და რუსეთისგან მოითხოვს, შეწყვიტოს უკრაინაში უკანონო სამხედრო მოქმედებები.

”მიუხედავად მოსკოვის არაარგუმენტირებული უარყოფისა, ნათელია, რომ რუსი სამხედროები და შეიარაღება არალეგალურად კვეთენ აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის საზღვრებს. ეს არ არის ცალკე მდგომი მოქმედება, ეს არის ნაწილი იმ სახიფათო გზისა, რომელიც თვეებია გრძელდება და უკრაინის დესტაბილიზაციისაკენ არის მიმართული. რუსული ძალები უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში პირდაპირ არიან ჩართულები. რუსეთი აგრძელებს სეპარატისტების ტანკებით, შეიარაღებული ჯავშანტექნიკით, არტილერიით და სარაკეტო დანადგარებით მომარაგებას. რუსეთმა უკრაინას ცეცხლი როგორც საკუთარი, ასევე მისი ტერიტორიიდან გაუხსნა. მეტიც, საბრძოლველად მზადმყოფი ათასობით რუსი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან იმყოფება. ეს არის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევა. ეს პრობლემის მოგვარების ყველანაირ დიპლომატიურ გზას სპობს.  

დღეს ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას. მომავალ კვირას, უელსის სამიტზე, ჩვენ პრეზიდენტ პოროშენკოს შევხვდებით, რათა დავაფიქსიროთ NATO-ს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფას. ჩვენ მოვითხოვთ რუსეთისგან, შეწყვიტოს უკანონო სამხედრო მოქმედებები, შეაჩეროს სეპარატისტების იარაღით მომარაგება და დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები ვითარების დეესკალაცისაკენ ამ მძიმე კრიზისის დროს", - განაცხადა რასმუსენმა.

კომენტარები