საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მტერმა არ გაბედოს შემოსვლა

fmabkhazia.com

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მტერმა არ გაბედოს საქართველოში შემოსვლა" - ამის შესახებ სრულიად საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას თქვა. პატრიარქმა ქართულ ჯარზე ისაუბრა და კმაყოფილება გამოთქვა, რომ დღევანდელ წირვას ჯარის ნაწილი დაესწრო. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო, ასეთი მომზადებული ჯარი საქართველოს რომელიმე ტაძარში ყოფილიყო. 

"ყველაფერი იცვლება და ჩვენც ვიცვლებით; უკეთესობისკენ ვიცვლებით. მე მოხარული ვარ, რომ ჯარის ნაწილი იმყოფება აქ. ხალხი უყურებს მათ, როგორც საკუთარ შვილებს, გაუცხოება რაც იყო, აღარ არის. ეს არის ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება, რომ წირვას ესწრება ჯარის ნაწილი", - აღნიშნა პატრიარქმა და დღევანდელ დღეს განსაკუთრებული უწოდა, რადგან თავდაცვის სამინისტროსთან თანადგომისა და თანამშრომლობის დოკუმენტს მოეწერა ხელი. 

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ხალხი უყურებდეს ჩვენს ჯარს, როგორც საკუთარ შვილებს და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მშვიდობიანად გრძნობდეს ჯარი თავს და არასოდეს არ გამოიყენონ. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ თუ გინდა მშვიდობა, უნდა შეიარაღდე და ამიტომ ჯარი უნდა იყოლიო. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მტერმა არ გაბედოს საქართველოში შემოსვლა და გალაშქრება. ჩვენ ვიყავით დიდგორზე და უნდა ითქვას, რომ დიდგორი არ დამთავრებულა. როგორც ადრე ვთქვით, სანამ იქნება დედამიწა, დიდგორი იქნება", - აღნიშნა პატრიარქმა. 

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მოაწერეს ხელი. როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, "შეთანხმება სულიერი, ზნეობრივი და მამულიშვილური საწყისების განმტკიცებას, სამშობლოს წინაშე სამხედრო ვალდებულების კიდევ უფრო ღრმად გააზრებას, სამხედრო პატრიოტული სულის აღორძინებასა და განმტკიცებას ითვალისწინებს".  

კომენტარები