საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2009-2013 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ხარჯებში, რომელსაც გრიფი „საიდუმლო“ ადევს, საიდუმლო არაფერია.
"არაფერი საიდუმლო იმაში არაა. მოხსნან. რას ცოდვილობს ივანიშვილი?! 500-ჯერ აქვს მოხსნილი - ალიაში არ აქვს გადაცემული თუ რა. ასავალ-დასავალი ამის მეტს რას წერს? რას მაიმუნობენ, რაც მოსახსნელი იყო, მოხსნეს, მეტი რაღა უნდა გამოექვეყნებინათ – მეგობარ უკრაინის პრეზიდენტს აბანოს ქისის ანგარიშები უკვე გამოუქვეყნეს, ამის შემდეგ რაღა უნდა გამოაქვეყნონ?!", - უთხრა უკრაინაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ პროკურატურამ, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით, მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის საიდუმლო მიმოწერა გაასაჯაროვა.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ წინა ხელისუფლების დროს გაწეულ ხარჯებს. პროკურატურის განცხადებით, 2009-2013 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამოღებული იყო სხვადასხვა დოკუმენტური მასალა, რომელიც 9 მილიონამდე ლარის ხარჯს შეეხებოდა, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის შესაბამისად, არამიზნობრივ ხარჯს წარმოადგენს.
პროკურატურის განცხადებით, ხსენებული საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი თავის დროზე შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არასწორად იყო გასაიდუმლოებული.





