სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

მოსკოვი დასავლური სანქციების საპასუხო ზომების მიღებას გეგმავს

ვლადიმირ პუტინი
Time

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსკოვი დასავლური სანქციების საპასუხო ზომებს მიიღებს. ვლადიმირ პუტინი ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს მიუღებელს უწოდებს.

”ეკონომიკაზე პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტები მიუღებელია. ეს ყველა ნორმასა და წესებს ეწინააღმდეგება. რუსეთის მთავრობა მთელ რიგ საპასუხო ზომებს გვთავაზობს ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან ე. წ. სანქციების საპასუხოდ. ვფიქრობ, არსებულ პირობებში, ჩვენი მწარმოებლების ინტერესების დასაცავად, შეგვიძლია ამაზე დავფიქრდეთ. მაგრამ ამის გაკეთება ძალიან ფრთხილად არის საჭირო, რათა მწარმოებელს დავეხმაროთ, მაგრამ მომხმარებელს არ ვავნოთ”, - განაცხადა პუტინმა.

უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, ევროკავშირმა, აშშ-მა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ სანქციები რუსი მოხელეებისა და რამდენიმე რუსული კომპანიისა და ბანკის წინააღმდეგ შემოიღეს. რუსეთის პრემიერმინისტრმა აღიარა, რომ სანქციები ქვეყანას მნიშვნელოვან ზარალს მიაყენებს და ბიუჯეტის შევსებას გადასახადების გაზრდა დასჭირდება.

კომენტარები