თბილისის საკრებულო

TI ჩივიაშვილზე: შეისწავლეთ წარსული საქმიანობა პოსტზე დამტკიცებამდე

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო თბილისის მერიაში სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსობის კანდიდატ გელა ჩივიაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია მოუწოდებს თბილისის საკრებულოს, ზედმიწევნით შეისწავლოს გელა ჩივიაშვილის წარსული საქმიანობა მისი თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტზე თანამდებობაზე დამტკიცებამდე. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ "წარსულში კორუფციული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი არ უნდა დაინიშნოს ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე".

"გელა ჩივიაშვილი უკანასკნელ პერიოდში სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი იყო, იგი 2011 წლის თებერვალში სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად სახელმწიფო დაზღვევისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, სადაზღვევო კომპანიების მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აღებული ვალდებულებების უგულებელყოფით და მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, არ დაარიგეს სოციალურად დაუცველი პირებისთვის განკუთვნილი სადაზღვევო პოლისები, რის შედეგადაც, მიითვისეს 5 700 000 ლარზე მეტი სადაზღვევო პროგრამისათვის გამოყოფილი სახელმწიფო თანხა.

მართალია, სასამართლოს პროცესზე დაკავებულთაგან რამდენიმე, მათ შორის გელა ჩივიაშვილი დანაშაულს არ აღიარებდა, იგი მალევე, აპრილის თვეში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ მაღალჩინოსნებთან ერთად საპროცესო შეთანხმების საფუძველზე და დამატებითი სასჯელის სახით 10 ათასი ლარის გადახდის შედეგად გაათავისუფლა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან ბრალი აღიარა.

მიგვაჩნია, რომ ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და კორუფციის რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, სახელმწიფო სტრუქტურებში თანამდებობის პირთა დანიშვნამდე, წარსულში მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მიმართ კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მოუწოდებს თბილისის საკრებულოს, ზედმიწევნით შეისწავლოს გელა ჩივიაშვილის წარსული საქმიანობა მისი თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტზე თანამდებობაზე დამტკიცებამდე. ვფიქრობთ, რომ წარსულში კორუფციული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი არ უნდა დაინიშნოს ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. საქმის გარემოებებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება თვით კანდიდატის პოზიცია", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მერიის ადმინისტრაციის და საქალაქო სამსახურების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა. მათ შორის არის გელა ჩივიაშვილი, რომელიც თბილისის მერიაში სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტზე თბილისის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები