მიხეილ სააკაშვილის საქმე

პეტრიაშვილი: ყველაფერი კეთდება, რომ არ გაჩნდეს განცდა პოლიტიკურ დევნაზე

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, ამბობს, რომ "ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს და არ გაჩნდეს განცდა იმისა, რომ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს".

"საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს და არ გაჩნდეს განცდა იმისა, რომ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ არის მზად ქვეყანა და შესაბამისი უწყებები იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს გამოძიება და შესაბამისი ქვეყნებიდან, სადაც არის ასეთი შეკითხვები, გამოგზავნონ იქიდან ექსპერტები, სპეციალისტები, დამკვირვებლები, ვინც გნებავთ. ამიტომ მე ვთვლი, გამჭვირვალობა არის ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი.

გარწმუნებთ, რომ უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში და საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობა, ისევე როგორც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა 1 საათით გადაიდო და 20:00 საათზე დაიწყება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 19:00-ზე იყო ჩანიშნული.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, ასევე იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე საათის წინ მიმართა.

როგორც პროკურატურის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, საგამოძიებო უწყება ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ გიგი უგულავასთვის და ვანო მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, პროკურატურას სასამართლოსთვის არ მიუმართავს. ყოფილ მერს უკვე შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა. ხოლო, ენმ-ის გენერალურ მდივანს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე თვის წინ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 28 ივლისს მიეცა. მთავარი პროკურატურის განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას". პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიებად წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალი წაუყენეს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს და თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას. მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები