კანონიერი ქურდი

გოგა ონიანი: მე, ბოკერიას და მინაშვილს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაგვემუქრნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ადვოკატ გოგა ონიანს ტელეფონით დაემუქრნენ და უთხრეს, რომ მას, გიგა ბოკერიას და აკაკი მინაშვილს ფიზიკურად გაუსწორდებიან. ამის შესახებ ონიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა და აღნიშნა, რომ მას ე.წ. რემენას საქმეზე პროკურატურის პასუხის გასაჯაროების შემდეგ დაურეკეს.

"გუშინ პროკურატურამ ჩვენს საჩივარზე, სადაც ვითხოვდით ე.წ. რემენას შემოყვანის ფაქტზე გამოძიებას, უარი გვითხრა, რაზეც ჩვენ გავაკეთეთ საჯარო განცხადება. ამის შემდეგ, დაახლოებით ორ საათში, დარეკეს ჩემს ნომერზე აბსოლუტურად ღია მობილური ნომრიდან და განაცხადეს, რომ გიგა ბოკერია, აკო მინაშვილი, გოგა ონიანი იქცევიან არასწორად, მათივე ენაზე ვიტყვი, რომ "არასწორ პასტუპკებს სჩადიან", აუცილებლად დაგვხვდებიან სადარაზოებთან და ფიზიკურად გაგვისწორდებიან. ეს არის იმის შედეგი, რომ კრიმინალი არის გათავხედებული, მათ აღარანაირი შიში არ აქვთ სამართალდამცველების და ღია ნომრიდანაც კი ემუქრებიან კონკრეტულ პიროვნებებს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ თურმე ჩვენ არ გვაქვს უფლება, საჩივარი შევიტანოთ პროკურატურაში და მოვითხოვოთ გამოძიება, თუ როგორ შემოდის საქართველოში უკანონოდ, რეგისტრაციის გარეშე კანონიერი ქურდი", - აცხადებს ონიანი და აღნიშნავს, რომ ეს, საბოლოო ჯამში, ძალიან მძიმე შედეგის მომტანია.

"ეს ხდებოდა 2004 წლამდე, ეს არ შეეხება მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. თუ ეს ასე გაგრძელდება, ეს აუცილებლად შეეხება ყველა მოქალაქეს და ყველა ოჯახში შევა ამ ტიპის მუქარები. დავუბრუნდებით იმ პერიოდს, როდესაც ხარკს უხდიდა ქართული საზოგადოება, ერთის მხრივ, მილიციას და, მეორე მხრივ, კრიმინალურ სამყაროს", - თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა.

გუშინდელ ბრიფინგზე, გოგა ონიანმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 2 ივლისის საჩივარზე პროკურატურის პასუხი გაასაჯაროვა. უწყება აღნიშნავს, რომ 1997 წლის შემდეგ, საქართველოში კანონიერი ქურდი რომან ბარბაქაძე, ე.წ. რემენა არ შემოსულა.

"სამწუხაროა, როდესაც ვიცეპრემიერის და სხვა ნებისმიერი ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლება მზად არის უკრაინის ხელისუფლებას პირდაპირ უთხრას, რომ მათ მიერ მოპოვებული ყველა დოკუმენტი არის მცდარი, ტყუილი. მაშინ, როცა უკრაინა აცხადებს, რომ ბარბაქაძის დეპორტირება მოახდინა საქართველოში და კონკრეტულ დოკუმენტებს ასაჯაროებს, ეს არ ხდება საქართველოს ხელისუფლებისთვის იმის საფუძველი, რომ დაიწყონ გამოძიება და დაადგინონ, რატომ არ მოხდა რომან ბარბაქაძის შემოყვანის აღწერა შესაბამის დოკუმენტებში და მზად არიან, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენონ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული ქვეყანა ერთი ან რამდენიმე ადამიანის ინტერესების გამო", - განაცხადა ონიანმა.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 26 ივნისს გავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა უკრაინიდან დეპორტირებული კანონიერი ქურდი რომან ბარბაქაძე (რემენა) აეროპორტიდან გააპარეს. პარტიის ინფორმაციით, გენინსპექციის თანამშრომლებმა კანონიერი ქურდის მომლოდინე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს აუხსნეს, რომ ვიცეპრემიერ კახა კალაძის დავალებით მოქმედებდნენ. ირმა ნადირაშვილის თქმით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ ბარბაქაძე არა ე.წ. კანონიერი ქურდი, არამედ ბიზნესმენი იყო, "დახვდნენ მას ტრაპთან და ისე გაიყვანეს აეროპორტიდან, რომ მის მიერ საზღვრის კვეთაც არ დაფიქსირებულა". პარტიის ინფორმაციით, რომან ბარბაქაძე აეროპორტის ტერიტორიიდან S-კლასის მერსედესით (სახელმწიფო ნომრებით ZQZ-222) გაიყვანეს, რომელიც მოქალაქე მარინა დოლიძე-კეჭაყმაძის (დაბადებული 1970 წელს) მფლობელობაში იმყოფება. დეპუტატის ინფორმაციით, მარინა დოლიძის მეუღლე ილია კეჭაყმაძე საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს ვიცეპრემიერის კუთვნილებაში მყოფი ბანკის - პროგრეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, ასევე, KALA CAPITAL LIMITTED-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და შპს კალა კაპიტალის დირექტორი. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კრიმინალური ავტორიტეტის საქართველოში დეპორტაციისა და "თბილისის აეროპორტიდან მისი გაქრობის" საქმეზე ვიცეპრემიერის კახა კალაძის დაკითხვა მოითხოვა.

კომენტარები