ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო რუსეთს სანქციები დაუწესა. ახალი სანქციების სიაში არიან რუსი თანამდებობის პირები, ასევე კომპანიები - გაზპრომბანკი, კალაშნიკოვი, როსნეფტი, ვნეშეკონომბანკი და სხვ. აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციების სიაში მოხვდნენ რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცესპიკერი სერგეი ნევეროვი, ყირიმის საქმეთა მინისტრი ოლეგ საველევი, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერმინისტრი ალექსანდრ ბოროდაი და სხვა რუსი მაღალჩინოსნები.
"ეს სანქციები მნიშვნელოვანია და გამიზნულია, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური გავლენა იქონიოს რუსეთზე. ჩვენი სურვილია, გადავჭრათ ეს საკითხი დიპლომატიური მეთოდებით, თუმცა ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა ვიხილოთ და არამხოლოდ სიტყვები ვისმინოთ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
ევროკავშირის სანქციები კი, ივლისის ბოლოს გახდება ცნობილი, თუმცა, აღნიშნეს, რომ ინვესტიციების ბანკები რუსულ პროექტებს აღარ დააფინანსებენ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სანქციების საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობებს მკვდარ დასასრულამდე მიიყვანს.





