ტრანსპორტი

რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა აღდგება

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნათია მიქელაძის განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარული საავიაციო მიმოსვლა აღდგება. მან აღნიშნა, რომ რეგულარული საავიაციო რეისები 2006 წელს რუსეთმა ცალმხრივად შეწყვიტა. 

"რუსეთის ფედერაციის მხრიდან, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მეშვეობით და ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, მივიღეთ ოფიციალური ნოტა, რომ რუსეთის შემოთავაზებაა, აღდგეს ორ ქვეყანას შორის რეგულარული საავიაციო მიმოსვლა. თქვენ იცით, რომ 2006 წლიდან ცალმხრივად რუსეთმა შეწყვიტა რეგულარული რეისების განხორციელება და ძირითადად, ნოტაში მოცემულია, რომ თავდაპირველად რეგულარული რეისები აღდგება თბილისი-მოსკოვი და მოსკოვი-თბილისის მიმართულებით. შეუზღუდავად იქნება სიხშირეები მოცემული. პირობა არის დათქმული, რომ 15 სექტემბრიდან მოხდეს ამის განხორციელება, რადგან წინამოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი ორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ. პირველ სექტემბრამდე, როგორც ჩვენ უნდა მივაწოდოთ რუსეთის მხარეს, ასევე რუსეთის საავიაციო ხელისუფლება მოგვაწვდის იმ კომპანიების კონკრეტულ ჩამონათვალს, რომლებიც 15 სექტემბრიდან რეგულარულ რეისებს განახორციელებენ", - განაცხადა მიქელაძემ. 

შეგახსენებთ, რომ როდესაც რუსეთის ფედერაციის საჰაერო ტრანსპორტის სააგენტომ ივნისში საჰაერო გადამყვანების მიერ საერთაშორისო გადაზიდვების ნებართვებვების სია გამოაქვეყნა, ჩამონათვალში აეროფლოტიც შევიდა, რომელსაც საქართველოს მიმართულებით რეისების განხორციელების უფლება მიეცა. ჩამონათვალთან მითითებული იყო რომ ნებართვა გაცემული იყო რუსეთის მხრიდან და საჰაერო ტრანსპორტის სააგენტო საპასუხო წერილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ელოდება, რათა აღმდგარიყო რეგულარული საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის აეროფლოტის თვითმფრინავებით. აღნიშნულ ფაქტზე ივნისში საქართველოს საგარეო საქმეთა პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ამის შესახებ სამინისტროში მუშაობა არ მიმდინარეობდა, რადგან ამ საკითხის რეგულირება სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის. 

კომენტარები