რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ფანჯიკიძე: ორივე ქვეყნის ინტერესშია სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პრაღაში დღეისთვის დაგეგმილი რუსი და ქართველი ექსპერტების შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა. მისივე თქმით, ორივე ქვეყნის ინტერესშია სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება.

"ეს არის წმინდა ტექნიკური ხასიათის შეხვედრა. მე დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, ასეც იქნება, რომ ორივე ქვეყნის ინტერესშია სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება. შესაბამისად, ამ შეხვედრაზე გამოინახება გზები, როგორ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვა სავაჭრო სივრცეს ვუერთდებით, იმავე პირობებით დარჩეს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ. 

საქართველოსა და რუსეთის ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები დღეს პრაღაში შეხვედრებს გამართავენ. დელეგაციების წევრები სავაჭრო ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრებენ. პრაღაში იმყოფება პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, თუმცა ის დღევანდელ შეხვედრაში არ მონაწილეობს. მისი შეხვედრა გრიგორი კარასინთან 9 ივლისს შედგება. 

კომენტარები