თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა თბილისის ყოფილი მერისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოში უკვე შევიდა. ცნობილია, რომ ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმე გიორგი კაპანაძეა, რომლის განცხადება უგულავას ადვოკატებმა დღეს გაასაჯაროეს. დოკუმენტი 2 ივლისით თარიღდება და კაპანაძე მასში გიგი უგულავას მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. პროცესს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი უძღვება. აღსანიშნავია, რომ მან უგულავას ქვისლ გიორგი ღონიაშვილს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
პროცესის დაწყებამდე სასამართლოსთან გიგი უგულავას მეგობრები და თანაპარტიელები შეიკრიბნენ. აქვე იმყოფება ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევიც, რომელიც ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დაკავებას არჩევნების მეორე ტურს უკავშირებს.
დაკავებულ გიგი უგულავას ბრალი ე.წ. მოდულის შენობაში დღეს დილით წაუყენეს. მას გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება. თბილისის ყოფილ მერს და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარეს ბრალი კიდევ ერთ - მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებითაც წარედგინა იძულებისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით. საქმე 5 ივნისს მარნეულში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცია გაუუქმა. გიგი უგულავა და პარტიის სხვა ლიდერები სწორედ ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ სასამართლომ ცესკოს გადაწყვეტილება არაკაონიერად ცნო და აკმამედ იმამკულიევი რეგიტრაციაში დატოვა. დღეს დილით გიგი უგულავას ადვოკატი საუბრობდა, რომ საქმის მასალებში სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ დევს.




