ახალი ტექნოლოგიები

Android L - ჭკვიანი საათი, მანქანა და ტელევიზორი

Android L-ის ოპერაციული სისტემა მობილურ ტელეფონს, მანქანას, პლანშეტს, საათს და ტელევიზორს გააერთიანებს.
verge.com

Google I/O - ტექნოლოგიური გიგანტის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, სადაც ხდება წლის სიახლეების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობა. 

წლევანდელ ღონისძიებაზე ანდროიდის თაყვანისმცემლებს Android L ოპერაციული სისტემა წარედგინათ, რომელიც მობილურ ტელეფონს, მანქანას, პლანშეტს, საათსა და ტელევიზორს გააერთიანებს.

ეს ოპერაციული სისტემა Google-ს მისცემს საშუალებას, ერთ სივრცეში მოაქციოს და მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ადვილი გახადოს ყველაფრის მართვა, რასთანაც შეიძლება მას შეხება ჰქონდეს.

SmartWatches - Google-მა თავის პარტნიორებთან რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ საზოგადოებას ჭკვიანი საათის სამი მოდელი წარუდგინა - LG G, the Moto 360 და Samsung Gear Live. 

სამივე მოდელს აერთიანებს ის, რომ ერთ ოპერაციულ სისტემაზე იმუშავებს. მომხმარებელს შეეძლება ჯიბიდან სმარტფონის ამოღების გარეშე დარეკოს, გაგზავნოს და მიიღოს მოკლე ტექსტური და მულტიმედია შეტყობინება, ჩაინიშნოს ყოველდღიური სპორტული აქტიობები - კერძოდ, გულის ცემის სიხშირე და ნაბიჯების რაოდენობა.

გარდა ამისა, როდესაც სმარტფონი გრძნობს ჭკვიანი საათის სიახლოვეს, მოწყობილობის გასააქტიურებლად პინ კოდის შეყვანა აუცილებელი აღარ ხდება.

Google Auto - Google-ის მონაცემებით, ადამიანი დღეში საშუალოდ 1 საათს ატარებს ავტომობილში. ხოლო ავარიების 25% იმის გამო ხდება, რომ ისინი ამ დროს smartphon-ებს ჩაჰყურებენ, იმის მაგივრად, რომ გზას უყურონ. ავტოავარიების რიცხვის შემცირების მიზნით Google-მა გადაწყვიტა, ავტოინდუსტრიაშიც შესულიყო და ავტომობილებისთვის შეექმნა სისტემა, რომელიც ტარებას უფრო მეტად საინტერესოს და უსაფრთხოს გახდიდა. მან კონტრაქტი 28 სერიოზულ მწარმოებელთან გააფორმა და 2015 წლიდან ამ სისტემით აღჭურვილი ავტომობილების წარმოება დაიწყება.

ნავიგაცია, კომუნიკაცია, მუსიკა - ეს ის მთავარი პრინციპებია, რომელსაც კომპანია პროდუქტის შექმნის დროს ითვალისწინებდა.

Google Auto-ს გარდა, თვითმართვადი მანქანის კონცეფციაზე სხვა ტექნოლოგიური სტარტაპებიც მუშაობენ და ბაზარზე ერთ-ერთი პირველი Cruise Automotation გამოვიდა, რომლის ნავიგაციის ხელსაწყოც $10 000 ეღირება. 

Google TV - პატარა მოწყობილობა, რომელიც ტელევიზორს უერთდება, მომხმარებელს აძლევს საშუალებას, მობილური ტელეფონის საშუალებით მართოს ტელევიზორი, აირჩიოს სასურველი არხები, ფილმები, მუსიკა; იყიდოს სასურველი მონაცემები და ითამაშოს თამაშები.

Sony და Sharp ეს ის კომპანიებია, რომლებიც ამ მოწყობილობის წარმოებას დაიწყებენ.

აღსანიშნავია, რომ იგეგმება დიზაინის მნიშვნელოვანი ცვლილება და მსგავსი ინტერფეისის შექმნა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტისთვის, რათა მომხმარებელს არ დაეკარგოს ერთიანობის შეგრძნება.

შეფასებების თანახმად, Android L კარგი ახალი ამბავია დეველოპერებისთვისაც, რადგან სივრცე იქნება თავისუფალი და მათ შეეძლებათ ნებისმიერი აღნიშნული პროდუქტისთვის აპლიკაციების შექმნა.

კომენტარები