კარლ ბილდტის ვიზიტი

ბილდტი: აგვისტოს ომის დროს დაიწყო NATO-მ დაბრუნება თავის ძირითად მე-5 მუხლთან

საქართველოში ვიზიტად მყოფი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი NATO-სთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს NATO-მ დაბრუნება დაიწყო თავის ძირითად მე-5 მუხლთან - რაც ტერიტორიულ თავდაცვას გულისხმობს. მისივე თქმით, თუ ფინეთი გადაწყვეტს NATO-ს წევრობას, შვედეთიც ასე მოიქცევა.

მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ტაბულამ ბილდტს NATO-ს მომავლის შესახებ ჰკითხა. "ვიცით, რომ შვედეთი NATO-ში გაწევრიანებას განიხილავს. თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამ საკითხზე? მიგაჩნიათ, თუ არა რომ რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ, შესაძლოა, NATO-ს აღორძინებას შეუწყოს ხელი. ბევრის აზრით, ეს ორგანიზაცია კრიზისშია კავშირის დაშლის შემდეგ."

ბილდტმა ტაბულას უპასუხა - "ვფიქრობ, რასაც NATO-სთან დაკავშირებით ამბობთ ეს, რეალურად, 2008 წელს დაიწყო. რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაიწყო NATO-მ დაბრუნება თავის ძირითად მე-5 მუხლთან - რაც ტერიტორიულ თავდაცვას გულისხმობს. ეს ნამდვილად 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო და, რა თქმა უნდა, უკრაინის მოვლენებმა გააძლიერა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ჩვენ ვხედავთ NATO-ს შიგნით მიმდინარე ისეთ აქტივობებს, რომლებიც ნამდვილად ამ მოვლენების შედეგია.

რაც შეეხება შვედეთსა და ფინეთს, ჩვენ ვაძლიერებთ თანამშრომლობას NATO-სთან. ვფიქრობ, წევრობა ალბათ ახლო მომავალში არ მოხდება - ეს შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე წლის დღის წესრიგში დადგეს. რაც შეეხება შვედეთს, ჩვენ ფინეთის გამო არა ვართ NATO-ს წევრი - თუ რუკას შეხედავთ და ისტორიას გადაიკითხავთ, სავსებით გასაგებია რატომაც. თუ ფინეთი გადაწყვეტს NATO-ს წევრობას, შვედეთიც ასევე მოიქცევა. მაგრამ ეს ახლო მომავალში არ მოხდება. ჩვენ ფოკუსირებულები ვართ NATO-სთან პრაქტიკულ თანამშრომლობაზე ბალტიის ქვეყნების და ჩრდილოეთ ევროპის სივრცეში. ეს თანამშრომლობა ინტენსიურია და საკმაოდ კონსტრუქციული".

კომენტარები