კარლ ბილდტის ვიზიტი

ბილდტი: ევროპა ახლა უფრო რთულ სიტუაციაშია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ

საქართველოში ვიზიტად მყოფი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ევროპულ უსაფრთხოებაზე საუბრობს. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ტაბულამ ბილდტს ჰკითხა - "ევროპული უსაფრთხოება მრავალი გამოწვევის წინაშე დგას - რუსეთის აგრესიულ რევიზიონიზმს ეწევა, დასავლეთ ევროპაში იზოლაციონისტური მიდრეკილებები იკვეთება, ჩინეთი აღზევების პროცესშია, ახლო აღმოსავლეთში ქაოსია, ხოლო შეერთებული შტატები ქვეყნის შიდა პრობლემებზეა ფოკუსირებული - ეს რამდენიმეა იმ საკითხთაგან, 10 დღის წინ ბერლინში ვიზიტის დროს რომ შეეხეთ. სიტუაცია საკმაოდ რთულია. თქვენ ევროპას დაფიქრებისკენ მოუწოდებთ - მაგრამ თავად ფიქრობთ? რა არის ის პირველი 3 ნაბიჯი, რომლებიც ევროპამ კონტინენტზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა გადადგას?"

ბილდტის თქმით, ამჟამად ევროპა უფრო რთულ სიტუაციაშია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.

"მართალია, ჩვენ ახლა უფრო რთულ სიტუაციაში ვართ, ვიდრე რამდენიმე წლის წინ ვიყავით. მე მახსოვს ფრაზა, რომელსაც ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვამბობდით 2003 წელს - რომ ევროპა არასდროს ყოფილა ასეთი უსაფრთხო, ასეთი მშვიდობიანი, წარმატებული და ა.შ. ამას დღეს ვეღარ ვიტყვით. დღეს ევროპა სხვანაირია, მეტი გამოწვევების მქონე გარემოთი - ჩვენ აშკარად რევიზიონისტული პოლიტიკა გვაქვს რუსეთში, სერიოზული დესტაბილიზაციაა სამხრეთში - ეს არ უნდა დაგვავიწყდეს - მთელი ლევანტე, ჩრდილოეთ აფრიკა... დებატები გაერთიანებულ სამეფოში, რაც საქმეს არ ამარტივებს. ეს ევროპული ერების უფრო მჭიდრო მუშაობის აუცილებლობის მაჩვენებელია, რა თქმა უნდა, აშშ-სთან ერთად. ევროპული ერები ერთი და იმავე სათვალით უნდა უყურებდნენ სხვადასხვა პრობლემას, რომელთა წინაშეც ერთად ვდგავართ და ცდილობდნენ ერთად გაუმკლავდნენ მათ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. არის ბევრი სხვა კომპონენტიც თავდაცვა, საგარეო პოლიტიკა, მაგრამ ერთად მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვანია", - აღნიშნავს ბილდტი.

კომენტარები