კარლ ბილდტის ვიზიტი

ბილდტი: შემაშფოთებელია, რომ ევროპის ზოგიერთ ძალას პუტინისადმი სიმპათია აქვს

საქართველოში ვიზიტად მყოფი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის თქმით, საკმაოდ შემშფოთებელია ის, რომ ევროპული ქვეყნების ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ვლადიმირ პუტინისადმი სიმპათიებს ამჟღავნებს. ბილდტს არ ჰგონია, რომ ისინი ევროპულ პოლიტიკაზე ზეგავლენას მოახდენენ, თუმცა, მინისტრი მიიჩნევს, რომ ყურადღების მიქცევა და ფხიზლად ყოფნა საჭიროა.

მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ტაბულამ ბილდტს დაუსვა კითხვა - ”ევროპული ქვეყნების ზოგ პოლიტიკურ ძალას - ძირითადად, ულტრამემარჯვენეებს, ან ულტრამემარცხენეებს, რომლებიც ვლადიმირ პუტინისადმი სიმპათიებს ამჟღავენებენ, სულ უფრო მეტი სახალხო მხარდაჭერა აქვთ - ამის კარგი მაგალითია ეროვნული ფრონტის, მარინ ლე პენის პარტიის წარმატება ევროპარლამენტის არჩევნებზე. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ეს?”

ბილდტი პასუხობს - ”თქვენ რასაც ამბობთ, სწორია. ეს საკმაოდ შემაშფოთებელია და არა მგონია, რომ საგარეო პოლიტიკას უკავშირდებოდეს. ეს ტენდენცია ადრეც იყო ისტორიაში - ძლიერი მამაკაცი, სამხედრო ძლიერება, მაჩოისტური და ნაციონალისტური ტენდენციები და საერთაშორისო წესების უგულებელყოფა. ეს გარკვეულწილად იმ სახიფათო ტენდენციის მაჩვენებელია, რომელიც ევროპის ისტორიაში უკვე ყოფილა. ბატონ პუტინს როცა უყურებენ, ზუსტად ასეთ რაღაცებს ხედავენ. ეს სახიფათოა. ეს ძალები საკმაოდ მარგინალურები არიან მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, საფრანგეთში 25% აიღეს. არა მგონია, რომ დიდი ზეგავლენა იქნონიონ ევროპულ პოლიტიკაზე, თუმცა ყურადღების მიქცევა და ფხიზლად ყოფნა საჭიროა”.

კომენტარები