კარლ ბილდტის ვიზიტი

ბილდტი: ევროკავშირში ინტეგრაციას არანაირი გავლენა არა აქვს ეროვნულ იდენტობაზე

საქართველოში ვიზიტად მყოფი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის თქმით, ევროინტეგრაციას ეროვნულ იდენტობასთან კავშირი არ აქვს. მისი თქმით, ის ეხება ეკონომიკურ ინტეგრაციასა და პოლიტიკურ თანამშრომლობას.

ტაბულას კითხვას, რას ეტყოდა იმ ქართველებს, რომლებსაც ევროინტეგრაციის გამო ეროვნული იდენტობის დაკარგვის შიში აქვთ, ბილდტი პასუხობს - "ეს კითხვა შვედეთში მოსახლეობისთვის რომ დაგესვათ, ისინი ამას ვერ გაიგებდნენ. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე საქართველოსთან. ვკითხოთ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან ევროკავშირის არსებობის მანძილზე, დაკარგეს თუ არა თავიანთი იდენტობა?

მაგალითად, ავიღოთ ლუქსემბურგი - ყველაზე პატარა ქვეყანაა. ვკითხოთ ლუქსემბურგელებს დაკარგეს თუ არა თავიანთი იდენტობა? ბატონ იუნკერს რომ ჰკითხოთ, გაქრა თუ არა ლუქსემბურგი ან დაკარგა თუ არა მან ლუქსემბურგული იდენტობა ის დაგცინებთ. შვედები შვედები არიან და დანიელები დანიელებად დარჩნენ.

ევროკავშირში ინტეგრაციას არანაირი გავლენა არა აქვს ეროვნულ იდენტობაზე. ეს ეხება ეკონომიკურ ინტეგრაციას, იმ სარგებელს, რომელიც ეკონომიკური განვითარებისგან მიიღება და პოლიტიკურ თანამშრომლობას, რათა ერთობლივად ვიმუშაოთ ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც ერთად მუშაობაა საჭირო. თუმცა, თქვენ მართალი ხართ, ნამდვილად შეიმჩნევა ანტიდასავლური რიტორიკის ესკალაცია გარკვეული ძალების მხრიდან. შესაძლოა, ამ ძალებს ეშინიათ, თუმცა, არ ვიცი რატომ. შესაძლოა ისიც, რომ ეს ძალები ამ არგუმენტებს გეოპოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ", - აღნიშნავს ბილდტი.

კომენტარები