გიგი უგულავას საქმე

კანცელარიასთან ნაციონალური მოძრაობის აქცია დასრულდა

მთავრობის კანცელარიასთან ნაციონალური მოძრაობის აქცია დასრულდა. აქციაზე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა განაგრძობს შურისძიების და დაპირისპირების რეჟიმში ქვეყნის მართვას.

"მთავრობა მიდის უკანსვლით, დაკავებულია ოპონენტების დევნით. სირცხვილია, როდესაც საქართველოს მთავრობა იქცევა ასე. ამ წუთებში ჰაკიმ ფაშა ხვდება ჩვენს მეგობარ სახელმწიფო წარმომადგენელს, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტს. ჩვენ მას მივესალმებით. საქართველოს მთავრობის მეთაურს უნდა რცხვენოდეს იმის, რომ იდევნება მთავარი ოპოზიციური ძალა", - აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.

სიტყვით გამოვიდა ასევე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე. ამინდის მიუხედავად, მან მხარდამჭერებს აქციაზე მისვლისთვის მადლობა გადაუხადა და მათ ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა მიულოცა. მის თქმით, ის ხელმოწერა, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა, ნაციონალური მოძრაობის დამსახურებაცაა.

"ევროპასთან დაახლოებას სწორედ ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი. ამიტომ ჩვენ გვსურს ნორმალურ, დამშვიდებულ ქვეყანაში ცხოვრება. არ უნდა ხდებოდეს ჩვენი მხარდამჭერების დაკითხვაზე ყოველდღიურად ტარება. მთავრობა მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტით უნდა იყოს დაკავებული და არა ნაციონალური მოძრაობის დევნით", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის განმარტებით, არჩევნებიდან ერთი კვირის თავზე მთავრობამ ხალხზე ზრუნვა უნდა დაიწყოს. "მოსახლეობის 60 პროცენტი როდესაც არ მოდის არჩევნებზე, ხელისუფლება ვალდებულია მათ ხმას მოუსმინოს, ეს სწორედ ხალხის ხმაა, ეს ხმა მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს არ მოსწონთ მათი დაპირებები, მათი გაკეთებული საქმეები, ხელისუფლებამ კი ხალხის ხმა უნდა გაიგოს", - თქვა დავით ბაქრაძემ.

გიგა ბოკერიამ კი გიგი უგულავას დღევანდელ დაკითხვაზე დაბარება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკური დევნაა. "ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ქვეყნის მომავლის განვითარებაზე და მთავარი არ უნდა იყოს ის, ვინ მოაწერს ხელს დოკუმენტს ან ტორტს", - თქვა გიგა ბოკერიამ.

აქციის დასასრულს სიტყვით გამოვიდა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა. მან აქციის მონაწილეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "ჩემთვის დაკითხვაზე სიარული პრობლემას არ წარმოადგენს. ყოველდღე მივალ, მათ თუ ეს გაეხარდებათ და ამით საქმე გაკეთდება, ჩვენ უკან არ დავიხევთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ", - თქვა გიგი უგულავამ.

კომენტარები