ენმ სენაკის N7 უბნის შედეგების გაბათილებას სასამართლოში მოითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სენაკის N7 უბნის ოქმების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. პარტია ამ უბნის შედეგების გაბათილებას და კანონდარღვევაში ჩართული პირების კანონმდებლობით დადგენილი წესით დასჯას ითხოვს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, ვიდეომასალით დასტურდება, რომ სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობა უშუალოდ არის ჩართული სენაკის N7 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმის გადაკეთებასა და არჩევნების შედეგების გაყალბებაში.

"N7 უბნის შემაჯამებელი ოქმი იყო დაუბალანსებელი, კერძოდ, ბიულეტენების რაოდენობა 6-ით აღემატებოდა გამოცხადებული ამომრჩევლების რაოდენობას, რაც ბათილობის საფუძველია. ბიულეტენების ჯამი იყო 561 და აღემატებოდა გამოცხადებული ამომრჩევლების რაოდენობას, 555-ს. ეს კი ოქმის ბათილობის საფუძველია. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული ოქმებიდანაც აშკარაა, რომ N7 უბნის შემაჯამებელ ოქმში გადასწორებულია ციფრი მაჟორიტარული არჩევნების გამარჯვებული კანდიდატის გრაფაში, რაც ასევე წარმოადგენს ოქმის ბათილობის საფუძველს, თუკი მას არ ერთვის შესწორების ოქმი. ვიდეომასალით, ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული N7 უბნის მაჟორიტარულ არჩევნების ოქმებით და სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მაია ფირცხალავას და ამავე კომისიის იურისტის რამაზ კუპრეიშვილის ხელმძღვანელობით, დაიგეგმა და განხორციელდა საარჩევნო დოკუმენტის, N64 სენაკის საარჩევნო კომისიის N7 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის გადაკეთება არჩევნების მეორე დღეს და კანონის დარღვევით გაფორმდა შესწორების ოქმი", - განაცხადა თაქთაქიშვილმა და აღნიშნა, რომ "კანონის დარღვევით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ოლქის იურისტის მონაწილეობით, 16 ივნისს მოწვეული იქნა N7 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები N7 საარჩევნო უბანზე".

დეპუტატის თქმით, ისინი საოლქო კომისიის იურისტმა აიძულა, გაეფორმებინათ და ხელი მოეწერათ შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმზე. ხელმოწერაზე უარი მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა განაცხადა.

"კანონის თანახმად, საუბნო კომისიის შესწორების ოქმი უნდა გაფორმდეს არჩევნების შედეგების ოქმზე გადატანისთანავე და შემაჯამებელი ოქმის საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაგზავნამდე. შესაბამისად, კომისიის მოწვევა, კომისიის წევრების მიერ არჩევნების მეორე დღეს შესწორების ოქმის გაფორმება და ბეჭდით დადასტურება არის კანონის უხეში დარღვევა და არჩვნების შედეგების გაყალბების მცდელობა. შესაბამისად, წარმოდგენილი ფაქტი ადასტურებს იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია უშუალოდ არის დაინტერესებული, არ ცნოს ბათილად კანონდარღვევით გაფორმებული უბნის შემაჯამებელი ოქმი, სადაც გაიმარჯვა ქართული ოცნების კანდიდატმა. ამ მიზნის მისაღწევად უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობა ახდენს ზეწოლას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე, რომ დაარღვიონ კანონი და საარჩევნო კოდექსის დარღვევით არჩევნების მეორე დღეს შეცვალონ ოქმის მონაცემები", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

კომენტარები