შსს: მარნეულში არჩევნები ენმ-ს დამკვირვებელმა და აქტივისტმა გააყალბეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მარნეულის N22 საოლქო კომისიის 57-ე და 25-ე საარჩევნო უბნებზე მომხდარი არჩევნების გაყალბების ფაქტები გახსნა. შსს-მ ბრალი 13 პირს წაუყენა. უწყების განცხადებით, N57 საარჩევნო უბანზე, საუბნო კომისიის წევრებთან და სხვა დამკვირვებლებთან ერთად, არჩევნებს აყალბებდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი ტალეხ ბინატოვი და ენმ-ს აქტივისტი ვუგარ გოჯაევი.

"მათ მიერ არჩევნების გაყალბების მიზნით ბიულეტენების საარჩევნო ყუთში ჩაყრის ფაქტი ნათლად ჩანს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ვიდეოფირზე და არ ჩანს 2014 წლის 16 ივნისს ნაციონალური მოძრაობის ლიდერის გიგი უგულავას მიერ გამართულ ბრიფინგზე ნაჩვენებ ვიდეო მასალაში, რომელიც მისი განმარტებით, გადაიღო საარჩევნო უბანზე დამკვირვებლად მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელმა ანა გურგენიძემ. გამოძიებამ 18.06.2014 წელს წერილობით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ თავმჯდომარეს და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოითხოვა 2014 წლის 15 ივნისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #25-ე და #57-ე საარჩევნო უბნებზე განხორციელებული სრული ვიდეოჩანაწერის დედნები, რაც დღემდე არ მოუწოდებიათ. გამოძიებამ მოიპოვა და ექსპერტიზაზე წარადგინა ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერი. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ „ვიდეოჩანაწერი წარმოადგენს მონტაჟს და არ წარმოადგენს ერთ მთლიან ნაწილს, სადაც ნათლად ჩანს ციფრული დამუშავების კვალი“ - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხა „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელი ანა გურგენიძე, რომელმაც განმარტა, რომ პირადად არ ესწრებოდა გაყალბების ფაქტს და ჩანაწერი მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდგომ შემთხვევით ნახა.

"გამოძიებით კი დგინდება, რომ ანა გურგენიძემ არა შემთხვევით ნახა გავრცელებული კადრები, არამედ იგი გაყალბების პროცესში იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე და აკვირდებოდა პროცესს. აღნიშნულს მოწმეთა ჩვენებების გარდა ადასტურებს გავრცელებული ვიდეო - ჩანაწერი, კერძოდ ჩანაწერის 2 წუთსა და 45 წამზე ანა გურგენიძე თანამოსაუბრესთან რუსულ ენაზე მკაფიოდ წარმოთქვამს სიტყვებს რომ ის ჟურნალისტია თავისუფალი ზონიდან, რომლის მოსმენაც ყველა თქვენგანს დამოუკიდებლად შეუძლია ინტერნეტ სივრცეში და წარმოადგენს დამატებით მტიცებულებას, აღნიშნულ პერიოდში მის საარჩევნო უბანზე ყოფნისას. სხვა დამნაშავე პირების გამოვლენის და დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1643-ე მუხლით" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდნენ 57-ე და 25-ე საარჩევნო საუბნო კომისიის შენობებში მყოფი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები, "რომელთა უმრავლესობასაც ერთმანეთთან აკავშირებთ ნათესაური და ახლო მეგობრული ურთიერთობები". უწყება განმარტავს, რომ "ზემოაღნიშნული კომისიის წევრთა უმრავლესობა საარჩევნო სისტემაში მუშაობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ზოგიერთ მათგანს გააჩნია საარჩევნო კომისიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება".

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 25-ე და 57-ე საარჩევნო უბნებზე გადაღებული ვიდეომასალა წარმოადგინა. კადრებში ჩანს, რომ ერთი და იგივე პირი - ნაზიმ ალიევი - საარჩევნო ყუთში გამზადებულ ბიულეტენებს ყრის. 

ცესკო-ს ინფორმაციით, მარნეულში, გაუქმებულ უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა 29 ივნისს ჩატარდება. 

"მედიასაშუალებებით გავრცელებული ვიდეოების შესწავლის და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, გაუქმებულია მარნეულის ორი, #25 და #57 უბნის შედეგები. ამ ორ უბანზე 29 ივნისს გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა", - განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა.

კომენტარები