საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, "ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ ვიცით, რომ ვართ პოლიტიკური ლიდერები, პოლიტიკურ პეიზაჟზე". როგორც წულუკიანმა აღნიშნა, გუშინდელი არჩევნები არის უდიდესი მოვლენა ქვეყნის განვითარებისთვის, "რადგან მმართველმა გუნდმა საკუთარ თავს დაუდგინა მკაცრი წესები, 50%-იანი ბარიერი, რომლის დადგენა ვერც ერთმა წინა მმართველმა გუნდმა ვერ გაბედა, რადგან დამარცხების შეეშინდა". მისი თქმით, "მეორე ტური რომ დაინიშნება, ეს, როგორც ჩანს, უკვე რეალობაა, მეორე ტურის შედეგად დავით ნარმანია იქნება თბილისის უმრავლესობის მერი უგულავასგან განსხვავებით, რომელიც იყო თბილისის უმცირესობის მერი. ეს არის სწორედ დემოკრატიული განმტკიცება და კონსოლიდაცია".
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კოალიციის ამომრჩევლებს მოუწოდა, მეორე ტურზე უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინონ. თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ ზოგიერთი ადამიანი მომდევნო ტურზე არ გადაყვება ფეხბურთის ყურებას, მივა საარჩევნო ურნასთან და საკუთარ ბედს გადაწყვეტს ისე, როგორც მას საჭიროდ მიაჩნია.
"საქართველო გუშინ, მე შემიძლია ვთქვა, ყველა მუნიციპალიტეტში გალურჯდა. ჩვენ, ქართველებმა, ერთხელ წითლები დავამარცხეთ, და ახლა მეორედ დავამარცხეთ წითლები გუშინ. მე, როგორც ქართული ოცნების წარმომადგენელს, მჯერა, რომ ჩვენ 2016 წლის არჩევნებში ვიქნებით შთამბეჭდავი წარმატების ავტორები, რომ ნაციონალური მოძრაობა აღარასოდეს არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ამიტომაც მოვუწოდებ თბილისელებს, მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩევლებს, უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინონ მეორე ტურზე და ზოგიერთი ადამიანი, იმედი მაქვს, რომ მომავალ ტურზე არ გადაყვება ფეხბურთის ყურებას, მივა საარჩევნო ურნასთან და საკუთარ ბედს გადაწყვეტს ისე, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.





