წინასწარი მონაცემებით, 15 ოლქში გამგებლების არჩევნების მე-2 ტური გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გამგებლის არჩევნებში რეგიონების ყველა (74) ოლქში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ. თუმცა, ბოლო მონაცემებით, 15 ოლქში გამგებლობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

მეორე ტურში მმართველი კოალიციის კანდიდატს 7 ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატი დაუპირისპირდება, 4 ოლქში - ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი, 1 ოლქში – ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის კანდიდატი, ასევე 1 ოლქში საქართველოს გზის, ხოლო 2 ოლქში პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი. 

ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გორისა და თელავის თვითმმართველი ქალაქების გარდა, სადაც მერის ასარჩევად მეორე ტურის ჩატარების საჭიროება იკვეთება, წინასწარი მონაცემებით, ასევე მეორე ტურია მოსალოდნელი გორისა და თელავის თვითმმართველ თემებში. წინასწარი შედეგებით, გამგებლების ასარჩევად მეორე ტურების დანიშვნა საჭირო გახდება ყვარელში, თელავში, ახმეტაში, თიანეთში, გორში, თერჯოლაში, ბაღდათში, ხონში, ტყიბულში, ლანჩხუთში, მარტვილში, ქობულეთში. ასევე, სავარაუდოდ სენაკში, ხულოსა და ასპინძაში.

კომენტარები