ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ცესკოსთან გამაფრთხილებელი ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, "გაყალბების შემთხვევაში თქვენს ფეხქვეშ მიწა დაიწვება". ნათელაშვილის თქმით, არჩევნებს ლეიბორისტული პარტია იგებს.
"ამ არჩევნებში იმარჯვებს ლეიბორისტული პარტია, სხვა არანაირ შედეგს არ მივიღებთ და არ ვაღიარებთ. მე ვაფრთხილებ ყველა დონის საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს ცენტრიდან უბნებამდე - გაყალბების შემთხვევაში, თქვენს ფეხქვეშ მიწა დაიწვება. გადაითვლება ბიულეტენები აუცილებლად, შემოწმდება გამოცხადებულ ამომრჩეველთა ვინაობა და რაოდენობა. საბოლოო ჯამში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ ჩაფიქრებული გაყალბება. მე მოვუწოდებ მოსახლეობას, რვა საათზე გამყალბებლები კომისიებში არ დატოვოთ მარტო, დაბრუნდით უბნებზე, მშვიდობიანად დადექით და დაელოდეთ შედეგებს", - განაცხადა ნათელაშვილმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით, კენჭისყრის პროცესი 20:00-ზე დასრულდება.





