პრემიერი: ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რა თქმა უნდა, ყველა ქალაქში

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ ოცნებას ყველა ქალაქში, რაიონსა და სოფელში დამაჯერებლად გამარჯვების ამბიცია აქვს. ამის შესახებ პრემიერმა რუსთავში, მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

"ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რა თქმა უნდა, ყველა ქალაქში, მე მინდა გავიმეორო, ყველა რაიონში და ყველა სოფელში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ყველგან დამაჯერებლად გავიმარჯვოთ. ყველა ხელისუფლება ჰპირდებოდა ხალხს, რომ თვითმმართველობის რეფორმას ჩაატარებდა, მაგრამ ვერც ერთმა ვერ შეძლო, ვერ გაბედა, რადგან ეს ხელისუფლების, ძალაუფლების გადანაწილებას გულისხმობს. მაგრამ ჩვენ არ გვეშინია თვითმმართველობის, ხალხისთვის ძალაუფლების გადაცემის, პირიქით, ეს არის ჩვენი გუნდის სიძლიერე და პოლიტიკური ნება" - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მეტი ლეგიტიმაცია.

"სწორედ ამ მიზნით, საარჩევნო ბარიერი 50 პროცენტით განვსაზღვრეთ. ამის პრეცედენტიც არასოდეს ყოფილა ჩვენს ქვეყანაში. არა თუ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში ჯერ კიდევ ვერ ირჩევენ მერებს და გამგებლებს პირდაპირი გზით. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები