კალათბურთი

დანკანი, ლებრონი, დურანტი და სუპერდაცვები ბეჭდების ძიებაში

დასრულდა NBA-ს 2013-14 წლების რეგულარული სეზონი. მოულოდნელობები ბევრი არ ყოფილა. ყველაზე დიდი სიურპრიზი ტორონტო რეპტორზისა და პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის ძალიან კარგი თამაში იყო. სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა ფინიქს სანსზმაც, თუმცა არიზონელებმა ფლეი-ოფში გასვლა ვერ მოახერხეს. სტატიის გამოსვლის დროს ფლეი-ოფები დაწყებული იქნება, აქ კი გთავაზობთ ყველა გუნდის მოკლე მიმოხილვას, საფლეიოფო შანსებსა და სავარაუდო გამარჯვებულებს.

ინდიანა პეისერსი

(56 მოგება, 21 წაგება, კონფერენციის პირველი ადგილი)
ინდიანამ რეგულარული სეზონი საოცრად დაიწყო. პოლ ჯორჯი, ჰიბერტი და სტეფენსონი გზად ყველაფერს ანადგურებდნენ. სამწამიანში პეისერსზე უკეთესი გუნდი ლიგაში არ იყო. გუნდი დაცვაში აგრესიულად და პროდუქტიულად თამაშობდა, მაგრამ 2014 წლის დადგომასთან ერთად, სიტუაცია აირია. შეტევაში პეისერსს არაფერი გამოსდიოდა, დაცვაში ისე ვეღარ დომინირებდნენ, ჰიბერტი დაიღალა, ჯორჯი სულ უფრო მეტ ბურთს აფუჭებდა, დევიდ უესტი და ჯორჯ ჰილი დაიკარგნენ. ინდიანამ იმდენი მოახერხა, რომ კონფერენცია მოიგო (ამისთვის მადლობა მაიამი ჰიტს უნდა გადაუხადოს). ბოლო რამდენიმე თამაშში გუნდმა რეაბილიტაცია მოახერხა და რეგულარული მაჟორულ ნოტაზე დახურა.

სუპერფინალამდე გუნდს მოედნის უპირატესობა გარანტირებული აქვს, ტრავმირებული არავინ ჰყავს (ენდრიუ ბაინამი ამ გუნდის ნაწილი ჯერ მაინც არ არის) და კონფერენციის ფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს, ინდიანა პეისერსი ატლანტასთან პირველ წრეს უპრობლემოდ გაივლის. აი, შემდეგ კი, დიდი ალბათობით, ჩიკაგო ბულსი შეხვდება. ბულსი NBA-ს საუკეთესო დაცვითი გუნდია და მთავარი ვარსკვლავის დერიკ როუზის გარეშეც დიდი ძალაა. თუ ინდიანამ სეზონის დასაწყისის ფორმა დაიბრუნა, ჩიკაგოს შანსი არ ექნება, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა და დიდ ომს უნდე ველოდოთ, სადაც მაინც პეისერსი გაიმარჯვებს, თუმცა ზედიზედ მეორედ კონფერენციის ფინალში მაიამისთან წააგებს.

მაიამი ჰიტი

(54-28, კონფერენციის მეორე ადგილი)
მაიამი ჰიტმა რეგულარულ სეზონში შარშანდელზე 12 თამაშით ნაკლები მოიგო. სეზონის ბოლოს ყველაფერთან წააგო, რასთანაც შეიძლებოდა და, დიდი ალბათობით, კონფერენციის ფინალში მოედნის უპირატესობა არ ექნება. სამაგიეროდ, ერიკ სპოელსტრას გუნდს შარშანდელზე ჯანმრთელი დუეინ უეიდი ეყოლება. უეიდის ჯანმრთელობაზე NBA-ს ჩემპიონის ბედია დამოკიდებული. მის გარეშე მაიამის ჩემპიონობის შანსი არ აქვს, ფორმაში მყოფი უეიდით კი ჰიტს რთულად თუ ვინმე გააჩერებს. ლებრონ ჯეიმსის, კრის ბოშისა და დუეინ უეიდის გუნდი პირველ წრეს, შარლოტ ბობქეთსს უპრობლემოდ მოუგებს. მეორე წრეში ბრუკლინ/ტორონტოდან ერთ-ერთს ორ თამაშზე მეტს არ მოაგებინებს და კონფერენციის ფინალში ინდიანას შეხვდება, რომელიც ჩიკაგოსთან ურთულესი დაპირისპირების შემდეგ დაღლილი იქნება და ზედიზედ მეორედ წააგებს მაიამისთან. ჰიტი კი ზედიზედ მეოთხედ გავა NBA-ს სუპერფინალში. ლიგაში სპოელსტრას გუნდზე დაბალანსებული არაერთი გუნდია, დაცვაში უკეთესად მოთამაშე კოლექტივებიც მოიძებნება, ფარქვეშ ჰიტი არ ბრწყინავს და არც პერიმეტრზეა საუკეთესო – უბრალოდ, ჯეიმს-უეიდის დარი ძლიერი+გამოცდილი და ძლიერი წყვილი ლიგაში არ მოიძებნება. ეს ფაქტორი კი გადამწყვეტი იქნება.

ტორონტო რეპტორზი

(48-34, კონფერენციის მესამე ადგილი)
ტორონტო რეპტორზი 2013-14 წლების NBA-ს სეზონის სასიამოვნო მოულოდნელობაა. გუნდი, რომელსაც ფლეი-ოფში გასვლას ცოტა თუ უწინასწარმეტყველებდა, აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე ადგილზე გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთთან შედარებით ეს კონფერენცია ბევრად სუსტია, 48 თამაშის მოგება მაინც ბევრს ნიშნავს. დინოზავრების მთავარი ძალა, ძალიან კარგი უკანა ხაზია. კაილ ლოური და დემარ დეროზანი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ტანდემია, რომელიც ნებისმიერ მეტოქეს გაამწარებს. ამას დამატებული ამირ ჯონსონი და ვალანჩუნასი უკვე ის ძალაა, რომელმაც წესით ფლეი-ოფის პირველი წრე, ბრუკლინ ნეთსი, უნდა გაიაროს. შემდეგ კი მაიამი ჰიტთან დამარცხდეს. გუნდისთვის, რომელსაც 13 წელია ფლეი-ოფში სერია არ მოუგია, ეს უდიდესი წარმატება იქნება და შედეგით ყველა კმაყოფილი დარჩება.

ჩიკაგო ბულსი

(48-34, კონფერენციის მეოთხე ადგილი)
ტომ ტიბოდო ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ჩიკაგო ბულსი მის ხელში NBA-ს ანგარიშგასაწევ გუნდად იქცა, რომელსაც უბრალოდ ფატალურად არ უმართლებს და ამ არგამართლებას ერთი სახელი – დერიკ როუზი აქვს. ჩიკაგოს საუკეთესო მოთამაშე და ლიგის ერთგზის ყველაზე ძვირფასი მოთამაშე მუდამ ტრავმირებულია. მიუხედავად ამისა, ჩიკაგო მაინც ახერხებს და ფლეი-ოფში უბრძოლველად არავის ნებდებდა. წელს გუნდმა კიდევ ერთი ლიდერი ლუოლ დენგი დაკარგა, თუმცა ეს ჩიკაგოს თამაშს დიდად არ დაეტყო და ხარები ფლეი-ოფში ინდიანას გააწვალებენ. მანამდე პირველ წრეში ვაშინგტონ უიზარდს ხვდებიან და ძალიან კარგი დაცვის წყალობით მეტოქეს დაამარცხებენ. გუნდში წლის საუკეთესო დამცველის ტიტულის მოპოვების უმთავრესი ფავორიტი ჟოაკიმ ნოა თამაშობს, კარლოს ბუზერი არასტაბილური მოთამაშეა, მაგრამ დიდი ძალაა, უკანახაზელებს კირკ ჰინრიხსა და ჯიმი ბატლერს ნებისმიერი ოპონენტის განეიტრალება შეუძლიათ, სკამზე კი დი.ჯეი ოგასტინი ჰყავთ, რომელიც არავინ იცის, რომელ თამაშში აფეთქდება. ჩიკაგო ინდიანასთან მხოლოდ იმიტომ წააგებს, რომ დერიკ როუზი არ ეყოლება. როუზით ეს გუნდი ჩემპიონობისთვის თავისუფლად იბრძოლებდა.

ვაშინგტონ უიზარდსი

(44-38, კონფერენციის მეხუთე ადგილი)
ვაშინგტონ უიზარდსი 2-3 წელში შეიძლება ძალიან მაგარი გუნდი იყოს, დღეს კი მათთვის ფლეი-ოფში გასვლა უკვე კარგი მიღწევაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯადოქრებს ჩიკაგო ბულსი გადაუვლის, მეტიც, თუ ჯონ უოლი სათანადოდ ითამაშებს, ნენე ჯანმრთელი იქნება და გორტატს ნოა პარკეტიდან არ გააქრობს, უიზარდს მოგება შეუძლია. ვაშინგტონი ტორონტოსთან ფავორიტი იქნებოდა, მაგრამ ჩიკაგოს დაცვასთან გუნდს ძალიან გაუჭირდება. ბრედლი ბილი ძალიან კარგია შეტევაში, უოლი ნელ-ნელა ლიგის საუკეთესო გამთამაშებლებში შედის, გორტატი ფარქვეშ ნორმალურია და ნენეც მხოლოდ წაეშველება მას, მაგრამ ტიბოდოს გუნდი უამრავ შეცდომას დააშვებინებს გამოუცდელ უიზარდსს, რაც გუნდს სერიის წაგებად დაუჯდება.

ბრუკლინ ნეთსი

(44-38, კონფერენციის მეექვსე ადგილი)
ტორონტო-ბრუკლინი ფლეი-ოფების ყველაზე თანაბარი წყვილია. ჯეისონ კიდმა თავის სადებიუტო სამწვრთნელო სეზონში პროგრამა მინიმუმი შეასრულა და გუნდი ფლეი-ოფში გაიყვანა. ნიუ იორკულ გუნდს ერთი დიდი პლუსი აქვს – მის შემადგენლობაში ფლეი-ოფში გამოცდილი არაერთი მოთამაშე თამაშობს, რითაც ტორონტო ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. კევინ გარნეტი და პოლ პირსი NBA-ს ჩემპიონები არიან. ანდრეი კირილენკო დღემდე ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველია, დერონ უილიამსი კი გამორჩეული უკანახაზელი. მიუხედავად ამისა, ბრუკლინი ტორონტოსთან დამარცხდება და ამის უმთავრესი მიზეზი ბრუკ ლოპესის ტრავმაა. ნეთსის ცენტრი სეზონის ბოლომდე დამტვრეულია და სამწამიანში დომინაციას ვერ შეძლებს. ბრუკლინს ფარქვეშ გაუჭირდება, დაცვაში დეროზანისა და ლოურის შეჩერებას ვერ შეძლებენ, ეს ყველაფერი კი პლეი-ოფიდან გამოთიშვად დაუჯდებათ.

შარლოტ ბობქეთსი

(43-39, კონფერენციის მეშვიდე ადგილი)
მაიკლ ჯორდანი რამდენად კარგი კალათბურთელიც იყო, იმდენად კოშმარული პრეზიდენტი აღმოჩნდა. გასული ორი სეზონის განმავლობაში ბობქეთსის თამაშების ყურება საცოდაობა იყო. გუნდი ყველასთან აგებდა და დრაფტზეც გამორჩეული მოთამაშეების გარეშე რჩებოდა. წელს ახალმა მწვრთნელმა სტივ კლიფორდმა გუნდს კალათბურთის თამაში დააწყებინა. ბობქეთსი სიმპათიურ გუნდად იქცა, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. ელ ჯეფერსონი გუნდის ლიდერად იქცა, ჯერალდ ჰენდერსონმა და კემბა უოკერმა ნორმალურად ითამაშეს, ჯოშ მაკრობერტსი დაცვაში კარგი იყო. მოკლედ, ჯორდანი გამოფხიზლდა და გუნდი სწორი მიმართულებით ვითარდება. შარლოტი ნელ-ნელა ფლეი-ოფის მუდმივ ბინადრად შეიძლება იქცეს, წელს კი მაიამისთან ულაპარაკოდ დამარცხდება. რეგულარულ სეზონში, ლებრონთან და კომპანიასთან 4-დან 4 მატჩი წააგეს და, დიდი ალბათობით, 4 თამაშზე მეტი არც ამ სერიის დასრულებას დასჭირდება.

ატლანტა ჰოუქსი

(38-44, კონფერენციის მერვე ადგილი)
ატლანტა ჰოუქსი დასავლეთ კონფერენციაში რომ გამოდიოდეს, ფლეი-ოფი კი არა, ცხრილის ფსკერზე იქნებოდა. აღმოსავლეთში ძალიან ბევრი სუსტი გუნდია, ამის ხარჯზე ქორებმა საჭირო რაოდენობის თამაშები მოიგეს და ფლეი-ოფში ზედიზედ მეშვიდედ გავიდნენ. ინდიანასთან სერიაში გუნდს უმთავრესი ვარსკვლავი ელ ჰოფორდი არ ეყოლება, რომელიც დეკემბერში დაიმტვრა და მომავალ სეზონამდე არ იქნება. სამაგიეროდ, ძალიან კარგ ფორმაშია ჯეფ ტიგი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ქორების ფლეი-ოფში გასაყვანად. ატლანტას აქვს გამოცდილება და შესაძლებლობა, რომ პეისერსს მაქსიმუმ ორი თამაში მოუგოს, ამაზე მეტს გუნდს ვერავინ მოსთხოვს.

სან ანტონიო სპურსი

(62-20, რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული)
გრეგ პოპოვიჩი, სულ ცოტა, მოქმედ მწვრთნელებში საუკეთესოა. პოპოვიჩის გუნდში თითოეული მოთამაშე მნიშვნელოვანია. სან-ანტონიოს არ ჰყავს კალათბურთელი, რომელიც მოედანზე საშუალოდ 30 წუთს ატარებს (ასეთი რამ ABA-NBA-ს შეერთების შემდეგ არ მომხდარა). სპურსმა რეგულარულ სეზონში ყველაზე მეტი თამაში მოიგო და ის ყველაზე დაბალანსებული და გამოცდილია. სან-ანტონიო პირველ წრეში დალასს უპრობლემოდ მოუგებს, შემდეგ ჰიუსტონსაც კლასის ხარჯზე დაამარცხებს და კონფერენციის ფინალში ოკლაჰომასთან დიდი ომი ელის. გამარჯვებულის ბედი ტრავმებსა და დაღლაზე იქნება დამოკიდებული. დიდი ალბათობით, შვიდთამაშიანი სუპერსერია გველოდება, თუმცა პოპოვიჩის გუნდი ზედიზედ ორჯერ სუპერფინალში, ალბათ, ვერ გავა და თავის ადგილს დურანტსა და კომპანიას დაუთმობს. 4-გზის NBA-ს ჩემპიონი პოპოვიჩი წლის საუკეთესო მწვრთნელი უნდა გახდეს.

ოკლაჰომა სითი თანდერი

(59-23, კონფერენციის მეორე ადგილი)
კევინ დურანტი NBA-ს ყველაზე ძვირფასი მოთამაშისთვის განკუთვნილ ჯილდოს იმსახურებს. მეტიც, K.D-ისთვის MVP-ის ტიტულის არმიცემა წარმოუდგენელი უსამართლობა იქნება. წლევანდელ რეგულარულ სეზონში დურანტი ფენომენალური იყო. სანამ რასელ უესტბრუკი დამტვრეული იყო, კევინმა მარტო ათრია მთელი ოკლაჰომა და ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებლის დაბრუნების შემდეგაც არანაკლები სამუშაო გასწია. NBA-ს მოქმედი საუკეთესო ბომბარდირი და უესტბრუკი ერთად უდიდესი ძალაა. ამასთან, ოკლაჰომა პირველად იქნება გუნდით, ვისაც სათადარიგო სკამზეც ჰყავს მოთამაშეები, რომელთაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. რეჯი ჯექსონი, კერონ ბატლერი და ნიკ კოლინსონი სკამზე ფუფუნებაა, რომელსაც თანდერსი აუცილებლად გამოიყენებს და სუპერფინალში გავა. აი, იქ კი, ალბათ, მაიამისთან დამარცხდება. დურანტისა და ლებრონ ჯეიმსის დაპირისპირება ერთი დიდი სიამოვნება იქნება.

ლოს ანჯელეს კლიპერსი

(57-25, კონფერენციის მესამე ადგილი)
კლიპერსმა შარშან 56 თამაში მოიგო, მაგრამ ფლეი-ოფის პირველ წრეში მემფისს ვერაფერი მოუხერხა. წელს ყველაფერი სხვაგვარად იქნება და ამის უმთავრესი მიზეზი ახალი მწვრთნელი დოკ რივერსია. ბოსტონ სელტიქსის ყოფილმა დამრიგებელმა იცის ფლეი-ოფის მუღამი და ესმის, რომ გოლდენ სტეიტ უორიორზთან მოედნის უპირატესობა არ უნდა გაფლანგოს. კლიპერსს უძლიერესი ძირითადი ხუთეული ჰყავს. ცენტრ დეანდრე ჯორდანს კარიერის საუკეთესო სეზონი ჰქონდა, ბლეიკ გრიფინი ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშისთვის დაწესებული პრიზის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია, კრის პოლი NBA-ში საუკეთესო გამთამაშებელია, ჯეი-ჯეი რედიკი კი პერიმეტრიდან ბომბავს გუნდებს. კლიპერსი ფლეი-ოფის პირველ წრეს გაივლის, მაგრამ შემდეგ ოკლაჰომასთან დამარცხდება. მოედნის უპირატესობა და დურანტის ფაქტორი თავისას იზამს. ლოსანჯელესურ გუნდს არ აქვს რესურსი, რომ კევინი გაანეიტრალოს.

ჰიუსტონ როქეთსი

(54-28, კონფერენციის მეოთხე ადგილი)
ჯეიმს ჰარდენი პარკეტზე ყველგან სახიფათოა. პერიმეტრიდან კარგად ისვრის, სწრაფი შესვლებით მეტოქეს დაჯარიმებას აიძულებს, ხშირად ორმაგი დაცვა სჭირდება, რაც ჰიუსტონის ერთ მოთამაშეს დაუცველს ტოვებს. სწორედ ჰარდენის დამსახურებაა ჰიუსტონის ფლეი-ოფში გასვლა და ის, რომ გუნდი ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტია. დუაიტ ჰოვარდის ჰიუსტონში გადმობარგებამ გუნდი ძალიან გააძლიერა. ლიგის საუკეთესო ცენტრმა ისე რომ ითამაშოს, როგორც მისგან ელიან, ჰიუსტონს ძნელად თუ ვინმე გააჩერებს. მომავალ წელს ჰიუსტონი ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება, წელს კი ფლეი-ოფის ერთი წრის გავლას უნდა დასჯერდეს. მეორე წრეში მას ტიმ დანკანი, ტონი პარკერი, მანუ ჯინობილი, კავაი ლეონარდი ელოდებიან. პოპოვიჩის დამოძღვრილი ბიჭები კი ჰიუსტონს წინ აღარ გაუშვებენ.

პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი

(54-28, კონფერენციის მეხუთე ადგილი)
პორტლენდი წლევანდელი სეზონის უდიდესი მოულოდნელობაა. გუნდი არა მხოლოდ ურთულეს დასავლეთის ფლეი-ოფში გავიდა, არამედ უპირობო აუტსაიდერად არც იქ ითვლება. ლამარკუს ოლდრიჯისა და დემიენ ლილარდის გუნდი შეტევაში ძალიან ძლიერია. უესლი მეთიუზი, ნიკოლა ბათუმი და ბრუკ ლოპესი დიდ დუეტს პროდუქტიულად ეხმარებიან. პრობლემა ისაა, რომ ბლეიზერსი დაცვაში ვერ ბრწყინავს. შეიძლება პორტლენდმა ჰიუსტონს მოუგოს, მაგრამ სან-ანტონიოსთან ვერაფერს გახდება. იმისთვის, რომ როქეთსი დაამარცხოს, გუნდს პოტენციალი ნამდვილად აქვს, უბრალოდ, ცოტა იღბალი დასჭირდებათ და ფლეი-ოფის გამოცდილება გადამწყვეტი ფაქტორი იქნება, რომელიც ლილარდსა და ოლდრიჯს არ აქვთ.

გოლდენ სტეიტ უორიორსი

(51-31, კონფერენციის მეექვსე ადგილი)
ერთი სიამოვნებაა გოლდენ სტეიტის საშინაო თამაშების ყურება. არსად NBA-ში ისეთი ატმოსფერო არაა, როგორც ამ კალიფორნიულ ქალაქში. სპორტის სასახლე გადაყვითლებულია და პარკეტზე ხუთ უორიორსთან ერთად, დარბაზში ათასობით „მეომარია". ძალიან არ გაუმართლა გოლდენ სტეიტს, როცა ენდრიუ ბოგუტი დაიმტვრა – რაც ნიშნავს, რომ კლიპერსელი დეანდრე ჯორდანი და ბლეიკ გრიფინი გაილაღებენ. არადა, ბოგუტით უორიორსი კლიპერსთან შოუს დადგამდა. თუმცა კარი, ტომპსონი, იგუოდალა და კომპანია ახლაც შეებრძოლებიან ლოსანჯელესურ გუნდს და შემდეგ მშვიდად მოემზადებიან მომავალი სეზონისთვის.

მემფის გრიზლისი

(50-32, კონფერენციის მეშვიდე ადგილი)
მემფისი შარშან დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა და იქ სან-ანტონიოსთან 4-0 განადგურდა. წელს ყველაფერი ქნა გუნდმა, რომ პირველ წრეში სპურსს არ შეხვედროდა. სამაგიეროდ, მისი მეტოქე ოკლაჰომა იქნება. გუნდი, რომელიც წინა სეზონში ფლეი-ოფებიდან გამოაგდო. სხვაობა ისაა, რომ მაშინ თანდერს უესტბრუკი დამტვრეული ჰყავდა. წელს კი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ჯანზეა და მემფისთან შურისძიებისთვის ემზადება. დათვების შანსი, ოკლაჰომას გასცდნენ, დაბალია. მათი უპირატესობა მარკ გასოლისა და ზაკ რენდოლფის ფარქვეშ დომინაციაა. პრობლემა ისაა, რომ რამდენადაც კარგია გუნდი დაცვაში, იმდენად ერთფეროვანია შეტევაში, რაც ოკლაჰომასთან მარცხში გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდება.

დალას მავერიქსი

(49-33, კონფერენციის მერვე ადგილი)
ვეტერანმა დირკ ნოვიცკიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდია, როდესაც თავისი გუნდი ფლეი-ოფში გაიყვანა. სწორედ 35 წლის მოთამაშეზეა დამოკიდებული, რამდენ თამაშს მოიგებს მავერიქსი. ოდესღაც, სან-ანტონიოსა და დალასის დაპირისპირება დასავლეთ კონფერენციის კლასიკა იყო, ახლა კი მთავარი ისაა, რამდენ თამაშს მოუგებს სპურსი მავერიქსს.

კომენტარები