საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

ვოლსკი: ”დიალოგი არ ჭრის, აზრი არ აქვს, უნდა მოისპოს” - ასე ვუპასუხო?

radiotavisupleba.ge

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკი ეხმაურება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის რჩევას უკრაინის მისამართით. ღარიბაშვილმა გუშინ მერკელთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა - "ჩვენ ეს მოვახერხეთ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გვსურს რუსეთთან კონსტრუქციული, ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება, ურთიერთობის ნორმალიზება და გვინდა, ამ გზით გადავჭრათ პრობლემა, რომელიც ამ ორ სახელმწიფოს შორის არსებობდა და არსებობს დღემდე. რაც შეეხება ჩვენს მისწრაფებას ევროკავშირისკენ, ჩვენ ვქმნით მაგალითს, რომ საქართველო შეიძლება იყოს ქვეყანა, რომელსაც სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი, რომელიც ერთ თვეში მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას და, ამავდროულად, ის ინარჩუნებს და აგრძელებს კონსტრუქციულ დიალოგს რუსეთთთან. და ამას ორივე მხარე ადეკვატურად აფასებს. საქართველო ქმნის საინტერესო მაგალითს დანარჩენი ქვეყნებისთვის რეგიონში. რაც შეეხება უკრაინისადმი რჩევას, ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ ძალიან მალე დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგი. მხოლოდ მოლაპარაკების გზით, რა თქმა უნდა, გერმანიის და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, უნდა მოხდეს გამოსავლის პოვნა".

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ვოლსკიმ თქვა, რომ როგორც პრემიერი, ასევე მთელი მსოფლიო ფიქრობს, რუსეთი აუცილებლად უნდა მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ჟურნალისტმა უთხრა, რომ პრემიერის მოწოდება იყო უკრაინის და არა რუსეთის მისამართით. თუმცა, ვოლსკის არ განუმარტავს, რატომ იყო ადრესატი უკრაინა და არა რუსეთი.

”არ არის ეს ღარიბაშვილის პოზიცია, მთელი მსოფლიო ფიქრობს, რომ რუსეთი აუცილებლად უნდა მოვიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს არის პოლიტიკური განცხადება, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ მოლაპარაკებით წყდება საკითხები. რუსეთთან დიალოგია საჭირო. რაც მეტი სისხლი დაიღვრება, უფრო და უფრო შეუძლებელი გახდება მოლაპარაკება. მარტო უკრაინას არ ეხება ეს, ეხება მთელ ევროპას და, მნიშვნელოვანწილად, კავკასიას.

”დიალოგი არ ჭრის, აზრი არ აქვს, უნდა მოისპოს” - ასე ვუპასუხო? აბა, რა ჭრის?”, - ამბობს ვოლსკი.

ვოლსკი ასევე თვლის, რომ ასეთ თემაზე როდესაც მსჯელობ, უნდა აწონ-დაწონო, რა შესაძლებლობები აქვს შენს ქვეყანას.

”უნდა აწონო, რა შესაძლებლობები გააჩნია შენს ქვეყანას, რომ საქართველო დაიცვა შემდგომი აგრესიისაგან, ვითარების გართულებისაგან. მოლაპარაკების და დიპლომატიური რესურსები გაგვაჩნია, სამხედრო-ძალისმიერი და ეკონომიკური ბერკეტები ნაკლებად გვაქვს, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მეთაური თავის განცხადებებში და მოქმედებებში უნდა ცდილობდეს, საქართველოს ააცილოს საფრთხე. შედეგებთან დაკავშირებით, ითვლი, გეგმავ, როგორი განცხადება გააკეთო უკრაინაზე. ეს კარგად ესმით ვაშინგტონში  და ბრიუსელში, ხშირ შემთხვევაში არ ესმით კახეთის გზატკეცილზე”, - თქვა ვოლსკიმ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები