დაპირისპირება გარდაბანში

ქართული ოცნება: გარდაბანში მომხდარი დაპირისპირება ენმ-ის პროვოკაციის შედეგია

ქართული ოცნების განცხადებით, გარდაბანში მომხდარი დაპირისპირება ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის მიერ მოწყობილი პროვოკაციაა. პარტიის განცხადებით, ენმ დაპირისიპირების "სხვა ჭრილში გადატანას და პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს". მათი შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს პოზიტიური საარჩევნო გარემო გაამწვავოს, სხვადასხვა მიზეზებით დაძაბოს სიტუაცია და გააღვივოს შუღლი მოსახლეობაში.

"დღეს ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათთვის პირადი თუ პარტიული საქმეები ქვეყანაზე მაღლა დგას და ამისთვის საკუთარი მოქალაქეების ინტერესების გაწირვასაც არ ერიდებიან. დარწმუნებულები ვართ, სამართალდამცავი უწყებები დეტალურად შეისწავლიან მომხდარ ინციდენტს და დამნაშავეები კანონის წინაშე აგებენ პასუხს. ქართული ოცნება ერთგულია არჩევნების ჩატარების დემოკრატიული პრინციპისა და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, გამოიჩინონ კეთილგონიერება, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან და ხელი შეუწყონ მოქალაქეების მიერ არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთებას" - აცხადებს ქართული ოცნება.

ცნობისთვის, გარდაბნის ცენტრში ვითარება კვლავ დაძაბულია. სააგენტო ინტერპრესნიუსის კორესპონდენტის ცნობით, ადგილობრივი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ და ეთნიკურად ქართველებს შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. შეკრებილები აცხადებენ, რომ გარდაბანში წუხელ მომხდარი დაპირისპირება პოლიტიკასთან კავშირში არ არის. მათი თქმით, დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა, რადგან ეთნიკურად ქართველებმა მათ დასცინეს.

საპროტესტო აქციაზე ცოტა ხნის წინ, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი იმყოფებოდა, რომელიც შეეცადა ვითარების განმუხტვას, თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მისი მოსმენა არ ისურვეს.

გარდაბანში წუხელ რამდენიმე ათეული ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წევრებსა და აქტივისტებს შორის მოხდა. ვითარების განმუხტვას თავდაპირველად პოლიცია ცდილობდა, მოგვიანებით კი, სპეცდანიშნულების რაზმი ჩაერია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის რამინ ბაირამოვის განცხადებით, ჯგუფურ დაპირისპირებამდე, ჩხუბი რამდენიმე ადამიანმა დაიწყო. მისი თქმით, შემდეგ, ენმ-ის ოთხი წევრი მანქანაში ჩაჯდა და ჩაიხანისკენ წავიდა.

"იქ მათ საცემად 15-მდე ადამიანი შევიდა, რომლებიც ნაციონალებს ეძახდნენ და უხეშად მოიხსენიებდნენ. მერე პოლიციაც მოვიდა და ერთ-ერთი ეთნიკურად აზერბაიჯანელი პოლიციელიც სცემეს. შემდეგ 200-მდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ჯოხებითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული. გამაფრთხილებელი გასროლაც იყო, თუმცა ამას რეაქცია არ მოჰყოლია" - თქვა ბაირამოვმა.

ქართული ოცნების გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის მარივ ზეინავოვის შეფასებით კი, არჩევნების წინ უნდათ ეთნიკური საკითხის წამოწევა.

"აქ 25 წელია ერთად ვცხოვრობთ და მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. ჩვენ და სვანები ყოველთვის ვმეგობრობდით, არ შეიძლება ამაში პოლიტიკური მოტივის ძებნა, ჩვენ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. თუ რამდენიმე ადამიანმა იჩხუბა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 500-მდე აზერბაიჯანელი ქართველების წინააღმდეგი იქნება" - თქვა ზეინავოვმა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული არავინ არ არის.

კომენტარები