დაპირისპირება გარდაბანში

წიკლაური: ჩვენი ოპონენტები არ ერიდებიან ეთნიკური კონფლიქტის ინსპირირებას

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, ის, რაც გარდაბანში მოხდა, ქვეყნისთვის სახიფათოა. წუკლაურის განცხადებით, ეს იყო პოლიტიკური დაპირისპირება, რასაც პოლიტიკური ოპონენტებიც აღიარებენ.

"შემაშფოთებელია ის, რაც გარდაბანში მოხდა. ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა აღიარეს, რომ ეს იყო პოლიტიკური დაპირისპირება. ამ დაპირისპირებით ისინი არ ერიდებიან ეთნიკური კონფლიქტის ინსპირირებას. ეს შეიცავს ძალიან დიდ საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის და მისი სტაბილურობისათვის”, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

გუშინ გარდაბანში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება უკვე დაწყებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების აქტივისტები დაუპირისპირდნენ.

ამასთან, ადგილობრივმა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა გარდაბანში საპროტესტო აქცია დღესაც გამართეს და ეთნიკურად ქართველები შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. შეკრებილები აცხადებენ, რომ გარდაბანში წუხელ მომხდარი დაპირისპირება პოლიტიკასთან კავშირში არ არის. მათი თქმით, დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა, რადგან ეთნიკურად ქართველებმა მათ დასცინეს.

ქართული ოცნების განცხადებით კი, გარდაბანში მომხდარი დაპირისპირება ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის მიერ მოწყობილი პროვოკაციაა. პარტიის განცხადებით, ენმ დაპირისპირების "სხვა ჭრილში გადატანას და პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს". მათი შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს პოზიტიური საარჩევნო გარემო გაამწვავოს, სხვადასხვა მიზეზებით დაძაბოს სიტუაცია და გააღვივოს შუღლი მოსახლეობაში.

კომენტარები