დაპირისპირება გარდაბანში

ენმ გარდაბნის ინციდენტზე: მთავრობამ დენთის კასრებთან თამაშს თავი დაანებოს

news.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გარდაბანში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და მოქალაქეებს მოუწოდებს, პოლიტიკური კუთვნილების და ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, დამშვიდდნენ და ნუ ჩაერთვებიან კონფლიქტში. როგორც საგანგებო ბრიფინგზე გოკა გაბაშვილმა განაცხადა, ქართული ოცნება და მთავრობა ოპონენტთან საბრძოლველად ყველანაირ პროვოკაციაზე მიდის და არ ერიდება სახიფათო და ქვეყნისთვის დამანგრეველი თემებით მანიპულირებას.

"გარდაბანში პროვოკაციის დამწყები იყო ქართული ოცნება და სიის მეექვსე ნომერი ტარიელ ჯანხოთელი, რომელმაც წამოიწყო მთელი ეს კონფლიქტი. ასევე, მოქმედი გამგებელი ამბაკო ავალიანი - სიის მეხუთე ნომერი, რომელიც მთელ ამ დანაშაულს ფარავს და ჩვენკენ იშვერს ხელს. იქ ადამიანებს აქვთ ერთადერთი მოთხოვნა, არსებობდეს სახელმწიფო და სამართალმდაცავი ორგანოები, რომლებიც ვითარებას დაარეგულირებენ და იმოქმედებენ კანონის შესაბამისად. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის, საქართველოს მთავრობა და სამართალდამცავები არიან უმოქმედოები. მთავრობა და პარტია ქართული ოცნება ძალიან სახიფათო თემებზე აწყობს პროვოკაციას, აყენებს შეურაცხყოფას თავის პოლიტიკურ ოპონენტებს. პირდაპირ მინდა ვუთხრა მათ - დენთის კასრებთან თამაშს და ასეთი სახიფათო თემებით მანიპულირებას თავი დაანებეთ", - განაცხადა გაბაშვილმა.

მისი შეფასებით, ქართული ოცნება პოლიტიკურ ოპონენტთან ბრძოლაში იყენებს ისეთ თემებს, "რომ შეიძლება უკან დაგრჩეთ არჩევნებიც, ნაციონალური მოძრაობაც და ყველაფერიც". ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, "მოიქცეს ისე, როგორც მთავრობა, იმოქმედოს სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით, შეწყვიტოს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ აქტივისტებზე ზეწოლა".

გაბაშვილის თქმით, ქართულმა ოცნებამ და მთავრობამ ქვემო ქართლში ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დაშინების და შევიწროების ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო. 

"ასევე რთული ვითარებაა ზეწოლის და დაშინების კუთხით დმანისსა და მარნეულში, სადაც ჩვენი პარტიის წევრებს საკუთარი კანდიდატურები მოახსნევინეს და განცხადებები დააწერინეს. შეეშვან ამას, მოქალაქეებს კი მოვუწოდებთ ყველას - განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიისა და ეთნიკური წარმომვლობისა, ნაციონალური მოძრაობის თუ ქართული ოცნების მხარდამჭერებს - ერთობისკენ, მშვიდობისკენ, პოლიტიკური და კულტურული დებატებისკენ და არა იმ სახის დაპირისპირებისკენ, რომლის პროვოკაციაც მოახდინა ქართულმა ოცნებამ", - განაცხადა გაბაშვილმა.

გუშინ გარდაბანში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება უკვე დაწყებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ამასთან, ადგილობრივმა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა დღეს გარდაბანში საპროტესტო აქცია გამართეს და ეთნიკურად ქართველები შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. შეკრებილები აცხადებენ, რომ გარდაბანში წუხელ მომხდარი დაპირისპირება პოლიტიკასთან კავშირში არ არის. მათი თქმით, დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა, რადგან ეთნიკურად ქართველებმა მათ დასცინეს.

ქართული ოცნების განცხადებით კი, გარდაბანში მომხდარი დაპირისპირება ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის მიერ მოწყობილი პროვოკაციაა. პარტიის განცხადებით, ენმ დაპირისპირების "სხვა ჭრილში გადატანას და პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს". მათი შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს პოზიტიური საარჩევნო გარემო გაამწვავოს, სხვადასხვა მიზეზებით დაძაბოს სიტუაცია და გააღვივოს შუღლი მოსახლეობაში.

კომენტარები