ხიდაშელი: ძალიან არ მომეწონა პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება

"ძალიან არ მომეწონა პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია ტაბულას ეთერში, გადაცემაში ფოკუსი განაცხადა.

ხიდაშელის თქმით, ასოცირების ხელშეკრულებას, კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერმინისტრმა უნდა მოაწეროს ხელი და პრეზიდენტის განცხადება, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილების ერთჯერადად გადასცემს პრემიერმინისტრს, სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

”სამართლებრივად არ არსებობს ეგეთი უფლება, რომ პრემიერმინისტრს გადასცე ხელმოწერის უფლება”, - განაცხადა ხიდაშელმა.  

მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადება არა მხოლოდ სამართლებრივად დაუსაბუთებელი, არამედ პოლიტიკურად არამიზანშეწონილიც იყო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლება ირაკლი ღარიბაშვილს ერთჯერადად მისცა. პრემიერმინისტრის განცხადებით კი, მას არანაირი უფლების მინიჭება არ სჭირდება.

”არავითარი კონტრასიგნაცია მე არ მჭირდება. დამატებითი უფლება მე არ მჭირდება. კონსტიტუციაში რაც წერია, იმას ვაკეთებთ. არავითარი დამატებითი უფლებამოსილება მე არ მჭირდება. მე მაქვს შესაბამისი უფლებამოსილება, რომ ამ ხელშეკრულებაზე მე მოვაწერო ხელი”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები