კანის კინოფესტივალი

კანის კინოფესტივალი თურქულმა ფილმმა ზამთრის ძილი მოიგო

www.trbimg.com/

2014 წლის კანის კინოფესტივალის საუკეთესო ფილმი თურქული ფილმი ”ზამთრის ძილი” გახდა. ნური ბილგე ჯეილანის ნამუშევარი ფესტივალის დაწყებამდეც ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად ითვლებოდა და ჩვენების შემდეგაც პოზიტიური შეფასებები დაიმსახურა.

კანის კინოფესტივალის გრანპრი ალისა რორვახერის ფილმმა ”საოცრებები” დაიმსახურა, რაც ასევე მოსალოდნელი იყო. ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ჯეინ კემპიონი იყო, რომელმაც არაერთხელ დაიჩივლა, რომ ქალი რეჟისორები კინოში ძალიან იჩაგრებიან. წელს კანის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში ორი ქალი რეჟისორის ნამუშევარი იყო, ერთ-ერთმა კი გრანპრი მოიგო.

საუკეთესო რეჟისორი ბენეტ მილერი გახდა. მისმა ნამუშევარმა ”ფოქსქეჩერი” კრიტიკოსებისგან ძალიან დადებითი შეფასებები დაიმსახურა და მთავარი პრიზის მოგების ერთ-ერთი ფავორიტიც იყო. საბოლოოდ კემპიონმა და ჟიურიმ მოჭიდავისა და მისი მწვრთნელის ტრაგიკული ისტორიის შემქმნელი რეჟისურისთვის დააჯილდოვა.

კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ტიმოთი სპოლი გახდა. მაიკ ლის ახალ ნამუშევარში ”მისტერ ტერნერი”, მსახიობმა ბრიტანელი მხატვრის ჯ.მ.უ. ტერნერის როლი შეასრულა. საუკეთესო მსახიობი ქალისთვის განკუთვნილი ჯილდო დევიდ კრონენბერგის ფილმში ”ვარსკვლავების რუკა” შესრულებული როლისთვის ჯულიანა მურმა დაიმსახურა. ჯულიეტ ბინოშის, ჯეკ ლემონისა და შონ პენის შემდეგ ის გახდა მხოლოდ მეოთხე მსახიობი, რომელსაც კანის, ბერლინისა და ვენეციის ფესტივალზე, საუკეთესო მსახიობისათვის განკუთვნილი ჯილდო აქვს მოპოვებული. 

კანის ჟიურიმ საუკეთესო სცენარისთვის განკუთვნილი პრიზი რუს რეჟისორს ანდრეი ზვიაგანცევს გადასცა. თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო რუსმა რეჟისორმა, კანის კინოფესტივალზე ”ლევიათანი” ჩაიტანა.

სპეციალური პრიზის მფლობელები გახდნენ ქსავიერ დოლანის ფილმი ”დედა” და ჟან-ლუკ გოდარის ”მშვიდობით ენავ”.

პრიზების გარეშე დარჩა ძმები დარდენების ახალი ნამუშევარი, კენ ლოუჩის ფილმი, რომელიც შეიძლება რეჟისორისთვის უკანასკნელი აღმოჩნდეს(თავად ამბობს მეტს აღარ გადავიღებო) და მიშელ ჰაზანავიჩუსის ”ძებნა”. 

კომენტარები