ჯანდაცვა

C ჰეპატიტის პაციენტთა სკოლა – „თანასწორი – თანასწორს“ პრინციპი მოქმედებაში

1 ივლისს, C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, პაციენტებისთვის მედიკამენტების გაცემის დაწყებაა დაგეგმილი. პროგრამის ფარგლებში 2014-2015 წლებში სამოქალაქო სექტორის 10 000 პაციენტისათვის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის (1 ამპულა პეგილირებული ინტერფერონისა და 1 კოლოფი რიბავირინის, მწარმოებელი შვეიცარიული F. Hoffmann – La Roche) ღირებულება შეადგენს 92,88 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, რაც დღეს საქართველოს ბაზარზე დაფიქსირებულ ფასზე 60%-ით ნაკლებია. პაციენტთა რეგისტრაცია 1 თებერვალს დაიწყო.

ამ პროგრამის დაწყება მნიშვნელოვანწილად გამოიწვია საზოგადოებრივმა აქტივობამ, რამაც აიძულა გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურები, დამსხდარიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან ამ უმძიმესი პრობლემის განსახილველად.

„უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ადვოკატირების ჯგუფი მუშაობდა, რათა პოლიტიკოსებს თავის თავზე აეღოთ ქვეყანაში C ჰეპატიტის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულება.

ორი წლის განმავლობაში, ჩვენ ვცდილობდით, C ჰეპატიტი წარმოგვეჩინა როგორც პრობლემა და ამისათვის პროტესტის ფორმას მივმართავდით, საინფორმაციო კამპანიებს და მასობრივ ღონისძიებებს ვმართავდით. მოხდა ათასობით პაციენტის მობილიზება, რომლებიც მთავრობისგან რეაგირებას ითხოვდნენ – C ჰეპატიტი ცნობადი პრობლემა გახდა, რომლის უგულებელყოფაც მთავრობას არ შეეძლო, ანუ ადვოკატირების შედეგად საზოგადოებაში გაჩნდა C ჰეპატიტის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის მოთხოვნა, მთავრობამ პაციენტთა მკურნალობის თაობაზე პოლიტიკური ვალდებულება აიღო და მკურნალობის ფასიც 60%-ით შემცირდა", – ამბობს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მედიაკოორდინატორი მარინა ასათიანი.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ახალი ვექტორი" და „ჰეპა +", რომლებიც ზიანის შემცირების ქსელის აქტიური წევრები არიან, C ჰეპატიტით ინფიცირებულთა დასახმარებლად კიდევ ერთი სასარგებლო ინიციატივა წამოიწყეს. სახელმწიფო პროგრამის და ზოგადად C ჰეპატიტის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით, ისინი ატარებენ პაციენტთა სკოლებს.

„ახალი ვექტორი" წარმოადგენს ნარკოტიკის მომხმარებელთა თვითორგანიზაციას. ნარკომომხმარებლები C ჰეპატიტით ინფიცირების განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფში შედიან. საქართველოში ეს გარემოება კიდევ უფრო დამძიმებულია ნარკომოხმარების კრიმინალიზაციის გამო. დაპატიმრების საფრთხის ან უსახსრობის გამო, ამ ჯგუფის წარმომადგენელთათვის უმეტეს შემთხვევაში სამედიცინო სერვისები მიუწვდომელია.
ბევრმა არც კი იცის, რომ ინფიცირებულია. ასეთ შემთხვევაში არა მხოლოდ ვირუსის მატარებელის ჯანმრთელობას ემუქრება დაავადების პროგრესირების საფრთხე, იგი თავისდაუნებურად, ინფექციის გავრცელების წყაროც ხდება.

ამასწინათ თბილისში ვიზიტისას, ნარკოტიკების კონტროლის გლობალური კომისიის წარმომადგენლებმა, რეპრესიული ნარკოკანონმდებლობის ამ შედეგზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს. კომისიის წევრის, გლობალური ფონდის ყოფილი თავმჯდომარის მიშელ კაზაჩკინის თქმით, დაპატიმრების საფრთხე ნარკომომხმარებლებს იატაკქვეშეთში გადასვლას აიძულებს, ასეთ პირობებში პრევენციის ზომების დაცვა ძალიან გაძნელებულია, არ ხდება ავადმყოფობის კონტროლი, ამიტომ დაავადებულის გარშემომყოფთა ინფიცირების საფრთხე იზრდება. ამრიგად, ეს გარემოება ინდივიდუალური პრობლემიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საფრთხედ გარდაიქმნება.

„ახალი ვექტორი" ნარკომომხმარებელთა პირველი თვითორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც 2007 წელს შეიქმნა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი კოკა ლაბარტყავა და მისი თანამოაზრეები თავიდანვე „ზიანის შემცირების" პრინციპებით ხელმძღვანელობდნენ.

ზიანის შემცირება დღეს განვითარებულ ქვეყნებში ნარკომოხმარების პრობლემის დარეგულირების ძირითად სტრატეგიადაა მიჩნეული. მისი პრინციპები მოკლედ შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: თუ ნარკოტიკის მოხმარება ბოროტებად შეიძლება ჩავთვალოთ (ხშირ შემთხვევებში ეს ასეცაა), მაშინ აჯობებს შევეშვათ ამ ბოროტების სრულ აღმოფხვრაზე ფუჭ ოცნებებს (ბოროტების სრული აღმოფხვრის უტოპიური თეორიები, პრაქტიკაში ყოველთვის განსაკუთრებით დამანგრეველ შედეგებს იწვევდა) და ვეცადოთ მის მიერ მოტანილი ზიანის შემცირებას. მაგალითად, წამალდამოკიდებული, რომელიც ქრონიკული ავადმყოფია და უმეტესად საკუთარ ნებას ვეღარ ემორჩილება, იმ შემთხვევაშიც გაიკეთებს ნარკოტიკის ინექციას, თუ მას მხოლოდ ინფიცირებულის გამოყენებული შპრიცი აქვს. ამიტომ აფთიაქებთან შპრიცების შესაძენად მისულ ნარკომომხმარებლებზე ჩასაფრებებს, სჯობს, ისინი სტერილური შპრიცებით მოვამარაგოთ, რომ ინფექციის გავრცელების რისკი შემცირდეს. წამალდამოკიდებულებზე ნადირობას და კუთხეში მიყენებას, სჯობს, მათ სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემების გადაჭრაში დავეხმაროთ, ასე ისინი არც გარშემომყოფებს შეუქმნიან საფრთხეს და საკუთარ უნარებსაც საზოგადოების სასარგებლოდ გამოავლენენ (ცნობილია, რომ არაერთმა ნარკომომხმარებელმა უამრავი სასარგებლო აღმოჩენა შესძინა მსოფლიოს. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა).

„ახალი ვექტორის" წევრები, რომლებიც უმეტესად ყოფილი ნარკოდამოკიდებულები არიან და კარგად იციან წამალდამოკიდებულთა პრობლემები, უკვე წლებია, რეპრესიულ გარემოში, ხშირად სერიოზული რისკის ფასადაც ახორციელებენ ზიანის შემცირების სერვისებს. ამ მოღვაწეობის შედეგად მოიპოვეს საერთაშორისო ფონდების ნდობა. სხვადასხვა სამედიცინო, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და საადვოკაციო სერვისებს, რომლებსაც „ახალი ვექტორი" ახორციელებს, ორი ავტორიტეტული ორგანიზაცია – „ღია საზოგადოების ინსტიტუტი" და „მსოფლიო ექიმები. საფრანგეთი" უჭერს მხარს.

ორგანიზაციის ოფისში C ჰეპატიტის გავრცელების განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფს – წამალდამოკიდებულ ადამიანებს – აქვთ შესაძლებლობა ანონიმურად ჩაიტარონ სწრაფი ტესტირება, სისხლით გადამდები დაავადებების, მათ შორის C ჰეპატიტის გამოსავლენად, მიიღონ ფსიქოლოგის კონსულტაცია, სტომატოლოგიური (ქირურგიული და თერაპიული) მომსახურება, ზიანის შემცირების სერვისები, ზოგადი პროფილის ექიმის კონსულტაცია, ღვიძლის ფიბროსკანირება. ეს ყველაფერი უფასოდ.

ჩემი აზრით, ნარკოტიკების კონტროლის გლობალური კომისიის წარმომადგენელთა ვიზიტი (ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან გაეროს ყოფილი თავმჯდომარე, მთელი რიგი სახელმწიფოების ყოფილი მეთაურები) „ახალი ვექტორის" ოფისში, ყველაფერთან ერთად, საქართველოში ზიანის შემცირების სტრატეგიის მხარდამჭერი ჟესტიც იყო.
ამჟამად „ახალი ვექტორის" და „ჰეპა+"-ის ოფისებში მიმდინარეობს მკურნალობის მომლოდინეთა სიის ფორმირება. „ჰეპა+"-ის ხელმძღვანელი კოტე რუხაძე, როგორც პაციენტთა თემის წარმომადგენელი, თავად არის C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში პაციენტთა შერჩევის კომისიის წევრი. მისი თქმით, ბევრი დაავადებულისთვის უცნობია სახელმწიფო პროგრამის პირობები, ჩართვის კრიტერიუმები, აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი და ის, თუ სად უნდა აიღონ ეს დოკუმენტები.

სიაში დარეგისტრირებულ მკურნალობის მსურველებს შეუძლიათ ჩაერთონ პაციენტთა სკოლებში, სადაც მათ მიეწოდებათ ინფორმაცია: მკურნალობის პროცესზე; დაავადების გავრცელების გზებზე; მკურნალობის გვერდით მოვლენებზე; ზოგადად C ჰეპატიტთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე ქვეყნის და მსოფლიოს მასშტაბით; სახელმწიფო ფასდაკლების პროგრამაზე; პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებზე.
პაციენტთა სკოლები 4 ქალაქში ჩატარდება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდსა და გორში.

სკოლის გავლის შემდეგ პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გახდნენ პაციენტთა თემის საკონსულტაციო საბჭოს – G-CAB-ის წევრები, რომელიც ჰეპატიტების, შიდსის, ნარკოპოლიტიკის და ზიანის შემცირების საკითხებზე მომუშავე სათემო ორგანიზაციებს აერთიანებს.

G-CAB-ის დანიშნულებაა დაავადებული ადამიანების მობილიზება, რომ მათ თავად მიიღონ მონაწილეობა იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომლებიც მათ პრობლემას ეხება. G-CAB-ის მიზანია ამ სფეროებში ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე საპასუხო გადაწყვეტილებების განხორციელება, აქტივისტების უნარების გაძლიერება ადვოკაციაში, დარგობრივ ექსპერტიზაში, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის მიღწევაზე მიმართულ აქტივობებში.

პაციენტთა თემი აცხადებს, რომ ისინი ხედავენ პირველ ნაბიჯებს C ჰეპატიტის პრობლემის მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის ჩამოყალიბების გზაზე, არ აპირებენ მიღწეულზე გაჩერებას. სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია მხოლოდ 1300-მა პაციენტმა გაიარა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 200 ათასამდეა. უმრავლესობისთვის 60%-ით შემცირებული ფასიც მიუწვდომელია, ბევრისთვის ბარიერი დიაგნოსტირების მაღალი ღირებულებაა – პროგრამაში ჩასართავი ანალიზების საერთო ფასი 1500 ლარამდე ჯდება.

„ახალი ვექტორის" ოფისში (დოესის ქ. #16) რისკის ჯგუფების წარმომადგენლებისთვის (ნარკომომხმარებლებისთვის), ჩართვისთვის აუცილებელი ერთ-ერთი პროცედურის – ფიბროსკანირების უფასოდ ჩატარებაა შესაძლებელი. პაციენტთა სკოლის გავლის შემდეგ, იგივე პროცედურა არანარკომომხმარებელი დაავადებულებისთვისაცაა შესაძლებელი.

აქტივისტები მოუწოდებენ C ჰეპატიტით ინფიცირებულებს, თავად ჩაერთონ მათი პრობლემების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და აკონტროლონ გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურები. ისინი აცნობიერებენ, რომ შედეგისთვის ბრძოლა და მუშაობაა საჭირო, არცერთი კეთილი ბიძია მათ პრობლემებს მათივე ჩარევის გარეშე არ და ვერ გადაჭრის.
C ჰეპატიტის ცხელი ხაზი 2 21 18 12


პუბლიკაცია მომზადებულია პროექტის „პაციენტების მობილიზაცია და მკურნალობის მოთხოვნა" ფარგლებში. შემსრულებლები: არასამთავრობო ორგანიზაციები „ჰეპა +" და „ახალი ვექტორი". დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო"

კომენტარები