ასოცირების შეთანხმება

ღარიბაშვილი: რუსეთი არ აპირებს ჩაერიოს ასოცირების შეთანხმების სფეროში

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას საქართველო ხელს ყოველგვარი გართულებისა და დაბრკოლების გარეშე მოაწერს. ამასთან, როგორც პრემიერმა ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, კარასინმაც დაადასტურა, რომ რუსეთი არ აპირებს ჩაერიოს ასოცირების ხელშეკრულების სფეროში.

"27 ივნისს ხელს მოვაწერთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას. ეს ხელშეკრულება ჩვენს ურთიერთობას თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის საქართველოს ევროპეიზაციის გეგმა, რომელიც უამრავ შესაძლებლობებსა და უპირატესობას მოუტანს საქართველოს. რაც შეეხება საფრთხეებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს ყოველგვარი გართულებისა და დაბრკოლების გარეშე მოვაწერთ. მინდა დავადასტურო ის განცხადება, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბატონმა კარასინმა ჩემს სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში აღნიშნა - რუსეთი არ აპირებს ჩაერიოს ასოცირების ხელშეკრულების სფეროში, ასე რომ ეს ყველაფერი ყოველგვარი გართულების გარეშე მოხდება" - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ჟოზე მანუელ ბაროზოს ბრიუსელში დღეს შეხვდა. მათ ხელი მოაწერეს  ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროკავშირისგან 19 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს. დოკუმენტი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერებას და ასოცირების შესახებ დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერას გულისხმობს. შეხვედრისას გადაწყდა, რომ ჟოზე მანუელ ბაროზო საქართველოს 13 ივნისს ეწვევა. შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის და ჟოზე მანუელ ბაროზოს ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. მხარეებმა რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზეც ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს რუსეთის მხარისგან პირობა აქვს მიღებული, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა გართულებების გარეშე ჩაივლის. 

კომენტარები