მეწყერი დარიალის ხეობაში

მთავრობა: დარიალის ხეობაში სამაშველო ბრიგადები თბილისიდანაც გაემგზავრნენ

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში სამაშველო ბრიგადები თბილისიდანაც გაემგზავრნენ. ხეობაში მთის მასის მოწყვეტის გამო, მთავრობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

"შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახური, საპატრულო პოლიციისა და სამედიცინო დახმარების ბრიგადები. სამაშველო ბრიგადები გაემგზავრა თბილისიდანაც. შემთხვევა დარიალის ხეობაში ცოტა ხნის წინ მოხდა. მთის მასა საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, მშენებარე ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, ჯერ დადასტურებული არ არის" - აცხადებს საქართველოს მთავრობა.

დარიალის ხეობაში დღეს მთა მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია. ხეობაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. 
წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა სამი თურქი მუშა, რომლებიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდნენ. ამასთან, მთის მოწყვეტის შედეგად, მშენებარე ჰესის გვირაბში ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გვირაბში სამი სატვირთო ავტომანქანა და რამდენიმე ადამიანია მოყოლილი. 

დარიალის ხეობაში მეწყერის გამო, მდინარე თერგი და გზის სავალი ნაწილი გადაიკეტა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე კილომეტრზე (ლარსის ხეობა) დევდორკის ხევიდან მოვარდნილი დიდი მოცულობის ღვარცოფის გამონატანების შედეგად, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარები