ფრანსუა ოლანდის ვიზიტი

მარგველაშვილი: ქართული მხარე უელსის სამიტზე წელგამართული მიდის

facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უელსში, NATO-ს სამიტზე ქართული მხარე წელში გამართული მიდის. როგორც მარგველაშვილმა ფრანგ კოლეგა ფრანსუა ოლანდთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერეციაზე თქვა, საქართველოს პარტნიორების ადეკვატური მხარდაჭერის იმედი აქვს.

"ჩვენ ვისაუბრეთ და მადლიერება გამოვხატეთ იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩვენსა და ფრანგულ მხარეს შორის კიდევ უფრო ღრმავდება. ესაა თანამშრომლობა საქართველოს დაცულობის, უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამ მხრივ მნიშვნელოვანია ის შეთანხმებები, რომელსაც მივაღწიეთ ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ასეთი თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია ეფუძნება იმ წარმატებას, რომელიც ჩვენ გვაქვს თავდაცვის სამინისტროში ჯარის რეფორმირების თვალსაზრისით და იმ პასუხისმგებლიან პოლიტიკას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით -  იცით რომ, ძალიან აქტიურები ვართ ISAF-ის მისიაში, იმ ახალ მისიაშიც, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იგეგმება. ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, ვისაუბრეთ, რომ მომავალ სამიტზე უელსში ქართული მხარე მიდის უაღრესად წელში გამართული და ჩვენი პარტნიორების ადეკვატური მხარდაჭერის იმედი აქვს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე "იმ უაღრესად მნიშვნელოვან ხელშეკრულებაზე, რომელსაც რამდენიმე კვირაში მოეწერება ხელი".

პრეზიდენტის თქმით, ასოცირების ხელშეკრულება ახალ შესაძლებლობას უქმნის როგორც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ისე ბიზნესპროექტებს და "ჩვენი ხალხების დაახლოებას".

გარდა ამისა, გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლიერება მინდა გამოვხატო იმ პოზიციის მიმართ, რომელსაც საფრანგეთი აფიქსირებს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით. ესენია ტერიტორიული მხარდაჭერა და არაღიარების პოლიტიკა. ეს პრობლემები ჩვენთვის გამძაფრდა 2008 წელს და მაშინ ვნახეთ ფრანგი მეგობრებისგან სერიოზული მხარდაჭერა - მხარდაჭერა, რომელმაც სერიოზული როლი ითამაშა იმაში, რომ საქართველო შენარჩუნდა, როგორც ქვეყანა. სამწუხაროდ, 2008 წელს მიღწეული შეთანხმებები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ამუშავებული. ამ თვალსაზრისით, ის ვითარება, რომელიც გათამაშდა 2014 წელს უკრაინაში, არის განმეორება იმ პოლიტიკის, რომელიც 2008 წელს დაიწყო ჩვენს ქვეყანაში. პრივილეგირებული ინტერესების სფეროები - ეს ის პოლიტიკაა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს და საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ამ პროცესის", - განაცხადა მარგველაშვილმა. 

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი თბილისს დღეს ეწვია. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს. ასევე, მონაწილეობა მიიღო საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმში.

კომენტარები